რესტავრატორები წალენჯიხაში XIV საუკუნის ტაძრის მოხატულობის აღდგენაზე მუშაობენ

ისტორიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი ამტკიცებდა, რომ თვითონ ტაძარი X-XI საუკუნეებით თარიღდება, მოხატულობა კი - XIV საუკუნით
Sputnik

თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში XIV-XVII საუკუნეების მხატვრობაზე საკონსერვაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა, იუწყება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

ყვარლის ეკლესიის ნანგრევებს კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ფიზიკური სამუშაოები სახურავიდან კედლებზე მოხვედრილმა წყალმა განაპირობა. პირველი ეტაპი გულისხმობდა ტაძრის ჩრდილოეთი მკლავისა და გუმბათქვეშა საყრდენი სვეტების ზედა ორ რეგისტრებზე სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს. 

ფერიცვალების ტაძარი განთქმულია თავისი მოხატულობით. სამეცნიერო დასკვნის საფუძველზე დადასტურდა, რომ ტაძრის არქიტექტურა და მოხატულობა XIV საუკუნით თარიღდება. ცნობილი ქართველი არქეოლოგი და ისტორიკოსი ექვთიმე თაყაიშვილი ამტკიცებდა, რომ თვითონ ტაძარი X-XI საუკუნეებით თარიღდება, მოხატულობა კი — XIV საუკუნით. შემორჩენილი ისტორიული დოკუმენტებიდან ცნობილია, რომ მხატვრობის ნაწილი XVII საუკუნეში გადაიწერა.

საქართველოში „მოდინახეს" ციხეს აღადგენენ >>

საკონსერვაციო სამუშაოების პირველმა ეტაპმა კედლის მხატვრობის პილიასტრების რეგისტრების აღდგენა მოიცვა. დაზიანებული სეგმენტების ქიმები, ბზარები და ნაკლული ადგილები ავთენტური მასალით შეივსო. წინასწარ შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით, რესტავრატორთა ჯგუფმა ფრესკების კონსერვაციისას კირ-კვარცის ქვიშის ხსნარითა და ე.წ. იაპონური ქაღალდით ისარგებლა. სათანადო ხსნარების ინექტირების გზით აღდგა კედლის მხატვრობის დაზიანებული ნაწილები. საკონსერვაციო სამუშაოებს მხატვარ-რესტავრატორი მერაბ ბუჩუკურის ხელმძღვანელობს. სამუშაოებს ასრულებენ რესტავრატორები ზაზა სუმბაძე, მერაბ ბუჩუკური, ვასილ ბუჩუკური, ირაკლი ჭეიშვილი, გურამ გასიტაშვილი.

Консервационные работы в храме Преображения Спасителя в Цаленджихском районе

ტაძრის პილიასტრზე გამოსახულია მედალიონები წმინდანების გამოსახულებით. ჩრდილოეთ კედლის ქვედა რეგისტრზე გამოსახულია „თომას ურწმუნობა“. აღმოსავლეთ კედელზე მოხატულობა ძალზედ დაზიანებულია, ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში სილუეტურად ჩანს „ლაზარეს აღდგინება“.