თბილისი, 30 ივლისი — Sputnik. ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წარმომადგენელი Stephane (სტეფანე მღებრიშვილი) დაბადების დღეს ბათუმში კონცერტით აღნიშნავს.
მომღერალი ახალ მუსიკალურ პროგრამას კლუბ „სექტორ 26“-ის სცენაზე 3 აგვისტოს წარადგენს. წელს ბათუმში ეს სტეფანეს ერთადერთი კონცერტი იქნება.
ქართველი პოპ-შემსრულებელი სტეფანე მღებრიშვილი დაიბადა თბილისში 1979 წლის 3 აგვისტოს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1998 წლიდან დაიწყო აქტიური მუსიკალური საქმიანობა. მსმენელისთვის კარგად არის ნაცნობი მისი სიმღერები „მარი“, „ერთი სიყვარულის ამბავი“, „ხელები“, „დამიბრუნდი“.
2008 წელს სტეფანემ ახალგაზრდა მომღერლებთან ნინი ბადურაშვილთან, თაკო გაჩეჩილაძესთან და ქრისტინე იმედაძესთან შექმნა მუსიკალური პროექტი Stephane and 3G. საერთაშორისო კონკურსზე „ევროვიზია 2009“ მათ უნდა წარედგინათ საქართველო სიმღერით We don't wanna put in. თუმცა ორგანიზატორებმა ისინი კონკურსიდან მოხსნეს.
დათო ევგენიძე ბენდთან ერთად განმუხურში წარდგება >>
დღეს სტეფანე ერთ-ერთი პოპულარული პოპ-შემსრულებელია. წელიწადში რამდენიმე სოლო-კონცერტს მართავს, იღებს ვიდეოკლიპებს და ახალ კომპოზიციებს წერს.
სტეფანე ხშირად შეიძლება ვიხილოთ ქართულ ტელევიზიაში, პოპულარული მუსიკალური პროექტების ჟიურიში.