ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის გამარჯვებულია

ქართველმა სპორტსმენმა არგენტინელ ჩოგბურთელს სძლია
Sputnik

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგში (გერმანია) ATP-სერიის ტურნირის გამარჯვებულია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში პირველად მოიგო პროფესიული ტურის ტურნირი. მან გერმანიის ქალაქ ჰამბურგში 2 საათსა და 13 წუთში დაამარცხა არგენტინელი ლეონარდო მაიერი – 6:4, 0:6, 7:5.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის ფინალშია

ლეონარდო მაიერს პროფესიულ ტურში ორი ტურნირი აქვს მოგებული და ორივე გერმანიის ამ ქალაქში: 2014 წელს ფინალში დავიდ ფერერს მოუგო, შარშან კი გერმანელს ფლორიან მაიერს.

26 წლის ბასილაშვილისთვის ეს მესამე ფინალი იყო კარიერაში. 2016 წელს ქართველმა კიტცბუელში წააგო იტალიელ პაოლო ლორენცისთან, 2017 წელს კი მემფისში დამარცხდა ამერიკელ რაიან ჰარისონთან. შესაბამისად, ეს იყო ATP-ს ტურნირის მოგების მესამე ცდა.

ქართველი ფეხბურთელების იმედიანი დასაწყისი და ბასილაშვილის სარეკორდო „ნახტომი“ რეიტინგში >>

პირველი სეტი ბასილაშვილმა 51 წუთში მოიგო. მეორე სეტი ბასილაშვილმა პირწმინდად დათმო და „მშრალი“ ანგარიშით წააგო. საჭირო გახდა მესამე სეტის ჩატარება.

გადამწყვეტ პარტიაში ჩოგბურთელები დამაჯერებლად თამაშობდნენ საკუთარ მოწოდებაზე, განსაკუთრებით ბასილაშვილი, რომელმაც ბოლო სეტი ანგარიშით 7:5 მოიგო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე ქართველ ჩოგბურთელს ტურნირზე გამარჯვება მიულოცა.

„ნიკა ბასილაშვილს ვულოცავ ჩოგბურთში, გერმანიის ღია პირველობაზე გამარჯვებას. ნიკა, ვამაყობთ შენით“, — დაწერა ბახტაძემ.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილი ორშაბათიდან ATP-ს რეიტინგის TOP50-ში შევა, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია.

გარდა ამისა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა 500 სარეიტინგო ქულა და 349 200 ევრო გამოიმუშავა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 1,6 მილიონ ევროს აჭარბებს.