თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. ზაგრებში „დიდი პრიზის“ ტურნირზე ძიუდოში ავთანდილ ჭრიკიშვილმა და გურამ თუშიშვილმა ოქროს მედლები, ხოლო ლაშა ტაველურმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შეჯიბრების დასკვნით დღეს 90 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონმა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა გათამაშების ფინალში მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, კუბელი ეშლი გონსალესი დაამარცხა.
მძიმე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ევროპის ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა ოქროს მედლისთვის პაექრობა ისრაელის წარმომადგენელ ორ სასონს იპონით მოუგო.
100 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა ტაველურმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში აზერბაიჯანელ ელხან მამადოვს 2,41 წამში შებოჭვით სძლია.
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა.