მოიჭრას თუ არა ტყე - საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს აგვისტოში გადაწყვეტს

სოზარ სუბარმა ჭუბერის და ხაიშის მცხოვრებლები დააიმედა, რომ ისინი უმუშევრად არ დარჩებიან
Sputnik

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. ათ დღეში სვანეთში ჩავა სამთავრობო დელეგაცია და ადგილობრივებს, რომლებიც აქამდე ხე-ტყის უკანონო მოპოვებით ირჩენდნენ თავს, ალტერნატიულ სამუშაოს შესთავაზებს, ტელეარხ Rustavi2-ის ეთერში განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონალური განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა.

საქართველოში ხე–ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა დაიწყო >>

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ხე-ტყის უკანონო გაჩეხვის აღსაკვეთად ჩატარებულმა მასშტაბურმა ოპერაციამ სვანეთში ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობის მხრიდან დიდი დაპირისპირება გამოიწვია. მათ განაცხადეს, რომ ტყე — მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს, შემდეგ კი სპეცრაზმის ჩართვა გახდა საჭირო.

აღშფოთებულმა მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გადაკეტა მესტია-ზუგდიდის გზა, რამაც გამოიწვია ტურისტების უკმაყოფილება, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ კონფლიქტის გადაჭრას. სიტუაცია შუაღამემდე დაძაბული იყო. სვანეთში სუბარის ჩასვლის და მოსახლეობასთან მოლაპარაკებების შემდეგ გზა გაიხსნა.

დაძაბულობა ჭუბერში - მოსახლეობა პოლიციელებს ხელკეტებითა და ქვებით დაუპირისპირდა

„იყოს არა 30 და 50 პატარა სახერხი ქარხანა, რომელიც სტანდარტებში არ ჯდება, არამედ იყოს 2-3-4 დიდი, მაგრამ თითოეულში მუშაობდეს 50 კაცი, 2-3 კაცის ნაცვლად. ამ გზით წავა საბოლოოდ განვითარება, ამას ვინც ვერ შეეგუება და მაინც იფიქრებს, რომ კანონის ავლით უნდა იმუშაოს, ის კანონის სიმკაცრით დაისჯება“, — განაცხადა სოზარ სუბარმა.

საგამოძიებო სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით უკანონო სახერხები დალუქა. მედიის ინფორმაციით, ჭუბერსა და ხაიშში ყველა საამქრო დალუქულია.

პარასკევს ღამით სუბარი შეხვედრაზე მოსახლეობას დაპირდა, რომ 7-10 დღეში რეგიონში ჩავა სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამთავრობო დელეგაცია, რომელიც ალტერნატიული სამუშაო ადგილების შექმნის გზების მოძებნას შეუდგება.

სუბარის სიტყვებს ყველამ არ დაუჯერა.

„რაღაც უნდა მოიფიქროს ხელისუფლებამ, რა და როგორ არავინ იცის, ვარაუდის დონეზეა. კითხვები ჩვენ დაგვისვეს, რა უნდა შეიქმნას და რით უნდა დასაქმდეს ხალხი ადგილზე. ერთ-ერთი ვერსიაა, რომ სოფლის მეურნეობა არსებობდა, მეორე — ტურიზმის განვითარება. საყრდენი არ აქვს არცერთ სიტყვას და ვერაფერს დაეყრდნობი“, — განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა ტელეარხ Rustavi2-ის ეთერში.

საქართველოში ხე–ტყის იმპორტი დღგ–სგან თავისუფლდება >>

ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ხუთშაბათს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 20 არარეგისტრირებული სახერხი გამოავლინეს და ათობით კუბური მეტრი ხის მასალა ამოიღეს.

გარდა ამისა, ხის მასალის რეალიზების კანონიერების დასადგენად, საგამოძიებო სამსახურის და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ატარებენ ინვენტარიზაციას 150-ზე მეტ ობიექტში, რომელიც თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ხის მასალით ვაჭრობს.