ოზურგეთში შუა საუკუნეების ტაძარი დანგრევას გადაურჩება

გურიაში XIII-XIV საუკუნეების ტაძრის აღდგენა ტერიტორიის ბუჩქებისა და ხე-მცენარეებისაგან გასუფთავებით დაიწყო
Sputnik

თბილისი, 28 ივლისი — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია რიყის ქვით ნაგები სუბსტრუქციის კედლების გამაგრებას მოიცავს, ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ვეტერანი სამხედროები ქართულ-ბრიტანულ არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობენ >>

დარბაზული სტილის ეკლესია XIII-XIV მიჯნაზე აშენდა. აღდგენითი სამუშაოების პროექტი სააგენტოს არქიტექტორებმა მოამზადეს. სამუშაოებს სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე გაეცნო.

ტაძრის კედელზე გაკეთებულია ასომთავრული წარწერა, შიგნიდან კედლები დაფარულია მრავალრიცხოვანი ფრესკებით. ზოგიერთი მათგანი, სპეციალისტების შეფასებით,  იკონოგრაფიული თვალსაზრისით იშვიათობას წარმოადგენს.

საქართველოში „მოდინახეს" ციხეს აღადგენენ

ტაძარში თამარ მეფის დროინდელი ვერცხლის მოოქროვილი ჯვარი ინახება, რომელიც ცნობილმა არქიტექტორმა და ისტორიკოსმა ექვთიმე თაყაიშვილმა აღმოაჩინა.

სამუშაოების პირველი ეტაპი მოიცავს ტაძრის ტერიტორიის გასუფთავებას ბუჩქებისა და ხე-მცენარეებისაგან, ტაძრის ტერასის გასუფთავებას ნაყარი მიწისა და კედლის ნაშალისაგან და ამორტიზებული დასავლეთი კედლის დაშლას.

სუბსტრუქციის ბაქანის საძირკვლისთვის მოეწყობა ჩრდილოეთისა და დასავლეთის ფასადების მონოლითური კედლები, რომელიც რიყის ქვით შეიმოსება.

ახლიდან გადაეწყობა ამორტიზებული უბნებიც.

ფიტარეთის მონასტრის მახლობლად უძველესი ნამონასტრალი აღმოაჩინეს >>

ტაძრის კიბის საფეხურებზე დახერხილი კირქვები დაიგება. კირქვითვე მოეწყობა კიბიდან ტაძრამდე მისასვლელი ბილიკიც. კიბესა და აღდგენილი სუბსტრუქციის ტერასაზე კი ლითონის მოაჯირები დამონტაჟდება.

სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ სამუშაოების მსვლელობისას თავდაპირველ პროექტში ცვლილებები შევა.

პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.