ნანახის და გაგონილის გამო... ანუ ვის დარჩება „სამეფო ტახტი“...

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი გუნდი და ვის დარჩება პრეზიდენტის სავარძელი, როგორია დასავლეთის დაკვეთა და ემზადება თუ არა ბიძინა ივანიშვილი 2020 წელს ხელისუფლება გადააბაროს სხვა პოლიტიკურ პარტიას? ფიქრები ერთი ინტერვიუს გამო, ანუ ის, რაც ფრაზებს შუა იკითხება...
Sputnik

დარწმუნებული ვარ, არ ვიკამათებთ, რომ ივლისის თვის ბოლოსწინა სამშაბათი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისთვის ფრიად გამორჩეული გამოდგა…

„ქართული ოცნების“ მთავარმა შემოქმედმა საჯარო პოლიტიკაში მეორედ მოსვლის შემდეგ ფართო აუდიტორიათან სასაუბროდ მედიასაშუალებებიდან უპირატესობა სახალხო ტელევიზიას მიანიჭა. ბიძინა ივანიშვილისთვის არც ჟურნალისტი იყო უცხო. მაკა ცინცაძეს ის ჯერ კიდევ ტელეკომპანია GDS-დან კარგად იცნობს და შესაძლოა ამიტომაც მასთან საუბრისას თავს კომფორტულად გრძნობდა… ვრცელი ინტერვიუს ინიციატორი, სავარაუდოდ, თავად რესპონდენტი იყო და საუბრის თემატიკაც წინასწარ იქნებოდა შეთანხმებული.

ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა მხოლოდ იმ საკითხებზე, რაზეც ჩვენი ყურადღების გამახვილება სურდა. ერთი სიტყვით, მოულოდნელობის ეფექტი არ ყოფილა და ალბათ არც უნდა ყოფილიყო. თუმცა წინამდებარე სტატიის მიზანი ინტერვიუს არქიტექტონიკის და ფორმატის ანალიზი როდია. მნიშვნელოვანი შინაარსია და მთავარმა გმირმაც, როგორც შეეძლო, ისე იზრუნა ე.წ. კონტენტზე. ინტერვიუ თითქმის საათ-ნახევარი გაგრძელდა, ბევრი ითქვა, კიდევ უფრო ბევრი უთქმელი დარჩა. გავიგეთ, რომ ბიძინა ივანიშვილის და გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკურ პარტნიორობასთან ერთად მათი მეგობრობაც დასრულდა. მიზეზებზე რესპონდენტმა ვრცლად ისაუბრა, თუმცა ჩვენ მტყუან-მართალს რას გავიგებთ, როცა მეორე მხარე ჯერჯერობით მხოლოდ დუმს.

ივანიშვილმა კვირიკაშვილის გადადგომის ნამდვილი მიზეზები დაასახელა

ისიც შევიტყვეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი გუნდის წევრთაგან ბოლომდე აღარავის ენდობა, მაგრამ „ქართული ოცნების“ რიგით მეოთხე პრემიერ-მინისტრს იმედით შეჰყურებს.

გაცხადდა მთავარი „მეოცნების“ ხედვები სახელმწიფოს მართვისა და პოლიტიკური პროცესების აქტუალურ საკითხებზე, ახლადფორმირებული მინისტრთა კაბინეტის გამოწვევებსა და უახლოესი მომავლის ამოცანებზე, დაწინაურებულ დემოკრატიასა და მაჩანჩალა ეკონომიკაზე. იყო საჯარო აღიარებაც, თქვა, რომ მან დაკარგა კონტროლი პროცესებზე, სიტუაციას გარედან ვეღარ მართავდა, გუნდი იშლებოდა და იძულებული გახდა, პოლიტიკაში დაბრუნებულიყო. არახალია, რომ ოპოზიცია და მასთან ასოცირებული მასმედია „სიცრუის ტირაჟირებას ახდენს“… სხვა მრავალ გზავნილთა შორის მკითხველის ყურადღებას საპრეზიდენტო არჩევნებისა და, ზოგადად, ხელისუფლების საკითხზე გავამახვილებ.

ივანიშვილი: საზოგადოებას არ ჰქონდეს განცდა, რომ ყველა გადაწყვეტილებას მე ვიღებ

ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ევროპისთვის მიუღებელია, როცა ერთი პარტიის ხელშია ყველა სახელისუფლებო შტო, ევროპული დემოკრატია სწორედ მრავალპარტიულობაზე დგას. პარლამენტი მრავალპარტიული უნდა იყოს. არც ის დაუმალავს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მუდმივად ვერ იქნება. „როდესაც ერთი პარტიის ხელშია ყველაფერი და ამას მიემატება პრეზიდენტის ინსტიტუტიც, რბილად რომ ვთქვათ, ეს დასავლეთისთვის მოსაწონი არ იქნება“, — დასძინა არსებული პოლიტიკური რეალობის მთავარმა არქიტექტორმა…

მაინც რაზე უნდა მიანიშნებდეს ეს რამდენიმე მესიჯი? ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, გარკვეული პერიოდის შემდეგ დასავლეთი „ქართულ ოცნებას“ მკვეთრად ეტყვის, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დრო ამოიწურა და ძალაუფლება სხვა პარტიას უნდა გადააბაროს…

ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე: „მმართველი პარტიის ლიდერის გზავნილი მაფიქრებინებს, რომ დასავლეთის პოზიცია ბიძინა ივანიშვილთან და „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც წინა ორ ხელისუფალთან – ედუარდ შევარდნაძესთან რევოლუციის გზით, ხოლო მიხეილ სააკაშვილთან რევოლუციის გარეშე იყო. მათთვის, ვისაც აინტერესებს, როგორ შეეგუება დასავლეთი 2020 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მესამედ მოსვლას, ვიტყვი, რომ დასავლეთი ორციკლიანი ხელისუფლების ტრადიციას არ შეელევა… როგორც ჩანს, მსგავსი მესიჯები მმართველ პარტიაში უკვე მოდის…“

დიდი ხნის ნანატრი გზავნილი - რისი თქმა სურდა ივანიშვილს

ანალიტიკოსთა ნაწილი მიანიშნებს, რომ წინა პერიოდის საჯარო გამოსვლებში ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტიის გაძლიერებაზე აკეთებდა აქცენტებს, ამჯერად კი ფრაზებს შორის აშკარად იკითხება „ქართული ოცნების“ მონოპოლიის შეცვლის სურვილი, რაც, სავარაუდოდ, ისევ და ისევ დასავლეთის დამოკიდებულებით უნდა იყოს განპირობებული. ამ კონტექსტში უნდა მოვიაზროთ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრება. „ჩემი პოზიციაა გუნდიდან არ დავასახელოთ საპრეზიდენტო კანდიდატი და მხარი დავუჭიროთ დამოუკიდებელ კანდიდატს. თუ არ იქნება ღირსეული კანდიდატი, ოპოზიციამ წაიღოს ეს ინსტიტუტი…“, — ბრძანა მმართველი პარტიის ლიდერმა. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს განცხადება? როგორც ანალიტიკოსები მიიჩნევენ, ასეთი გადაწყვეტილებით ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ თანამედროვე მსოფლიოს „დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალ სტანდარტს უჩვენებს“. თუმცა საგულისხმოა ექსპერტთა და პოლიტოლოგთა დიდი ნაწილის მოსაზრება, რომ  საპრეზიდენტო სავარძლის ოპოზიციისთვის დათმობა მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის საფრთხის შემცველია…

ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე: „საპრეზიდენტო კანდიდატის არდაასახელებით მმართველი გუნდი აღიარებს, რომ მას არ შეუძლია ჭარბი ძალაუფლების ხალხის საკეთილდღეოდ გამოყენება. თუ ის მხარს დაუჭერს რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს, მაშინ ეს „დამოუკიდებელი კანდიდატი“ იქნება „ქართული ოცნების” კანდიდატი. თუ ის ფარულად შეეცდება „ნაციონალური მოძრაობის“ ან „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გახდეს პრეზიდენტი, ეს იქნება კატასტროფისკენ გადადგმული პირველი სერიოზული ნაბიჯი და იმის წინაპირობა, რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე ფიქრობს 2020 წლისთვის მშვიდობიანად გადააბაროს ძალაუფლება სხვა პოლიტიკურ გუნდს…“

მიხეილ სააკაშვილი: ამდენი სიმართლე ბიძინა ივანიშვილს ცხოვრებაში არ უთქვამს

როგორც ანალიტიკოსთა ნაწილი ღიად მიგვანიშნებს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ბიოგრაფიის ნაწილია. შესაბამისად, ამ პოლიტიკური გუნდის ყველა, განსაკუთებით კი ძველი ლიდერის მიმართ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს მიუღებლობა არ ახასიათებს და შესაძლოა პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც მხარი დავით ბაქრაძეს დაუჭიროს…

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე: „გამორიცხული არაფერია. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილი, როცა პოლიტიკაში მოვიდა, დავით ბაქრაძეზე თავშეკავებულად საუბრობდა. ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერებს ხშირად ავიწყდებათ ის გზა, რომელიც ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლამდე, ანუ „ნაცმოძრაობასთან“ ურთიერთობაში გამოიარა. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ბიძინა ივანიშვილს დავით ბაქრაძე მოსწონდეს და პრეზიდენტის პოსტზე მისთვის მართლაც მისაღები იყოს…“ 

დროებით აქ დავსვათ წერტილი და დაველოდოთ საბოლოო ვერდიქტს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი გუნდი, იტყვის თუ არა უარს პრეზიდენტის სავარძელზე?