შალვა ბოლოთაშვილის ვოიაჟი მსოფლიოს გარშემო - დაუვიწყარი და იდუმალი აზია

მოგზაურობა თითქმის ყველა ადამიანში სიახლეებისა და თავგადასავლების ძიების სურვილთან ასოცირდება. მოგზაურობის სურვილი ერთგვარი აზარტია. ერთხელ წახვალ და იმდენად გიმძაფრდება დაუსრულებლად მოგზაურობის სურვილი, რომ ვეღარ ჩერდები...
Sputnik

მოგზაურობის დაგეგმვა არც ისე მარტივი საქმეა, ამიტომ ადამიანები ხშირ შემთხვევაში ტურის დასაგეგმად ტურისტულ კომპანიებს მიმართავენ.  რა უპირატესობები აქვს ტურისტული სააგენტოს მიერ დაგეგმილ ტურს და რა მიმართულებაა დღეს ყველაზე სასურველი, ამის შესახებ ტურისტული კომპანია Traveler GE-ს დამფუძნებელი შალვა ბოლოთაშვილი გვესაუბრა. 

საჰაერო ბურთები

— მოგზაურობა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროცესია. ამ დროს ადამიანის თვალსაწიერი ფართოვდება, ხდება ღირებულებების გადაფასება. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მოგზაურობის დროს გიწევს ბევრ საინტერესო ადამიანთან შეხვედრა, ურთიერთობა. ეს მრავალფეროვანს და ბევრად საინტერესოს ხდის ცხოვრებას. მე ძირითადად ჯგუფებთან ერთად ვმოგზაურობ. რა თქმა უნდა არის შემთხვევა, რომ მარტოც მივდივარ სამოგზაუროდ. ამ დროს მხოლოდ პირად სიამოვნებაზე, გართობაზე, კომფორტზე  ვარ ორიენტირებული. როცა ჯგუფთან ერთად მივდივარ, მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია ამ ადამიანების წინაშე. ამ დროს მათ ემოციებზე, შთაბეჭდილებებზე და კომფორტზე ვზრუნავ. უკვე ოთხი წელია ტურისტულიო სააგენტო მაქვს. ამ პერიოდის განმავლობაში სულ ვცდილობ უფრო და უფრო კარგი პირობები შევთავაზო მოგზაურებს.

შალვა ბოლოთაშვილი

- მოგზაურობა თქვენი ცხოვრების წესად იქცა. თქვენი პირველი მოგზაურობა გაიხსენეთ, როგორ დაიწყო ყველაფერი?

— პირველი მოგზაურობა და შთაბეჭდილებები საქართველოს უკავშირდება. თავიდან შიდა ტურებით დავიწყე, რაც ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო იყო. რაც შეეხება უცხო ქვეყნებს, პირველად თურქეთში ვიმოგზაურე. შემდეგ იყო დუბაი, ეგვიპტე. ამის შემდეგ დაიწყო და დაიწყო, აღარ გავჩერებულვარ. მოგზაურობა ერთგვარი აზარტია. რაც მეტს ნახულობ, უფრო მეტის ინტერსი გიჩნდება. ამ წელს ძალიან მიდა წავიდე კუბაზე, კენიაში. ეს ჩემთვის სიახლეა, ამიტომ ერთგვარი აზარტიც არის. მოუთმენლად ველოდები ამ ტურებს. ინდოეთში ბევრჯერ ვარ ნამყოფი. ეს ჩემთვის ახალი არ არის, მაგრამ ინდოეთი მაინც ინდოეთია, რომელიც აბსოლუტურად გამოყოფილია მთელი მსოფლიოსგან. ინდოეთი მარტო აზია არ არის, ინდოეთი არის ინდოეთი. აზიაში არ ხდება ის, რაც ხდება ინდოეთში. მართალია ინდოეთი აზიის კონტინენტის დიდ ნაწილს იკავებს, მაგრამ ის არ გავს აზიურ ქვეყნებს, ცალკე მდგომი ტურისტული მარშუტია თავისი გამორჩეული ხალხით, რელიგიური მრავალფეროვნებით და დიდი ცივილიზაციის ცოცხალი კვალით.

შალვა ბოლოთაშვილი

- ტურისტული კომპანიის შექმნის იდეა რატომ გაგიჩნდათ?

— ეს არ იყო დაგეგმილი, ყველაფერი დაუგეგმავად, თავისით მოხდა.  იმდენად აქტიურად ვმოგზაურობდი, შემდეგ სხვებიც მთხოვდნენ დავხმარებოდი მოგზაურობის დაგეგმვაში. ყველა კმაყოფილი რჩებოდა. ამან სისტემატიური სახე მიიღო. ფეისბუქზე გვერდიც გავაკეთეთ, რომელიც ძალიან აქტიური იყო.  ამ ყველაფრის შემდეგ გადავწყვიტე შემექნა ტურისტული კომპანია.

შალვა ბოლოთაშვილი

- ალბათ არაერთი პრობლემა და სირთულე შეგხვდა ამ პერიოდის განმავლობაში. ვფიქრობ არც ისე მარტივია ტურისტული კომპანიის მართვა, ნდობის მოპოვება ადამიანებში…

— ჩვენთვის პრიორიტეტი იყო მისაღები და ხელმისაწვდომი ფასები. თავიდანვე ისეთი ფასები გვქონდა ტურებზე, რომ ძალიან ბევრი მსურველი გამოჩნდა. დღემდე ასეა.
რა თქმა უნდა იყო პრობლემები, გვქონდა გარკვეული ხარვეზები. იყო შემთხვევა, რომ ტური არ იყო კარგად ორგანიზებული, ჩვენ დავუშვით შეცდომა და რამდენიმე ადამიანის წინაშე ვერ შევასრულეთ დაკისრებული ვალდებულება. მოლაპარაკებების საფუძველზე, რაღაც პერიოდის შემდეგ მოვახდინეთ ამის კომპენსაცია. თუმცა გარკვეულმა ადამიანებმა ეს ფაქტი სათავისოდ გამოიყენეს. გაავრცელეს  ჩვენზე ნეგატიური ინფორმაცია. რეალურად დაზარალებულ ადამიანებთან ჩვენ ყველაფერი მოვაგვარეთ, მაგრამ სხვებმა ამით ისარგებლეს. ამის შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა. ჩვენ დავხვეწეთ მომსახურება. ფაქტიურად შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არანაირი ხარვეზი აღარ არსებობს.

ჩვენ გვყავს კვალიფიციური გიდები, რომლებიც მიყვებიან ჯგუფებს და მაქსიმალურად ცდილობენ ეს მოგზაურობა ჯგუფის წევრებისთვის დაუვიწყარი გახადონ. სწორედ ეს უპირატესობა აქვს ტურისტული კომპანიის მიერ დაგეგმილ ტურს. აღარ გიწევს ზრუნვა ბილეთებზე, სასტუმროზე, ტრანსფერზე, შიდა გადაადგილებაზე და ა.შ. ამით ძალიან ბევრ დროს, ენერგია და ნერვებს ზოგავ.

შალვა ბოლოთაშვილი

- დღესდღეობით ყველაზე სასურველი და აქტუალური რა მიმართულებაა?

— ძალიან აქტუალურია კაბადოკიის ტური. სამი წლის განმავლობაში 4500-ზე მეტი ადამიანი მყავს გადაყვანილი. ეს საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრია. ბოლო პერიოდში  აქტუალურია სტამბოლის ტურები. რაც შეეხება შიდა ტურებს დიდი ინტერესია სვანეთის ტურზე, შატილზე და ა.შ. ზოგადად შიდა ტურები ყველა მიმართულებით გვაქვს. ასევე გვაქვს სალაშქრო მარშრუტები წელიწადში ერთხელ: ტობავარჩხილი, შავი კლდეების ტბები, ტანიეს ტბა  და ასე შემდეგ, რაც  რთული საფეხმავლო მარშრუტებია. 28 ივლისს კვირიკობაა და დღეს დილით 100 ვიზიტორი გავუშვით სვანეთში.

შალვა ბოლოთაშვილი

- ევროპა თუ აზია?

— პირადად ჩემთვის აზია უფრო საინტერესოა, ვიდრე ევროპა. ევროპა თითქოს ერთ თარგზეა მოჭრილია და ჩემთვის ერთფეროვნებასთან ასოცირდება. შორიდან ისე ჩანს, თითქოს ევროპა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე აზია. რეალურად აზიაში გამგზავრება ღირს ძვირი, თორემ სასტუმრო იქნება ეს, კვება, თუ შიდა გადაადგილება, აზიაში ბევრად იაფია. 100 დოლარი თუ გიდევს ჯიბეში, თავი მეფე გგონია. ევროპაში კი პირქითაა, გამგზავრება იაფია, თუმცა სხვა ყველა დანარჩენი საკმაოდ ძვირი ჯდება.
ზოგადად აზიაში სხვა სული ტრიალებს, იქ სხვა სამყარო, ეგზოტიკა  და კულტურაა. ჩვენ ახლო მომავალში ვგეგმავთ აქტიურად დავგეგმოთ ტურები აზიის სხვადასხვა ქვეყნებში. არაერთხელ ვარ ნამყოფი აზიის  ქვეყნებში. ზედმიწევნით კარგად ვიცი, სად რა უნდა ვანახო მოგზაურს. ამით ის ზოგავს დროს, აღარ უწევს მოძიება სანახავი და დასათვალიერებელი ადგილების. აღარ ზრუნავს ტრანსფერზე, შიდა გადაადგილებაზე, ამიტომ მისთვის ეს მოგზაურობა არის ბევრად კომფორტული და სანახაობრივი.
ახლო მომავალში ვგეგმავთ მაროკოს ტურს. ეს არის ქვეყანა სადაც ერთმანეთს ერწყმის უძველესი ისტორია, გამორჩეულად საინტერესო ხალხის ხასიათი და ყოფა, ულამაზესი ქალაქები და უდაბნოს მისტერია, ულამაზესი პეიზაჟები და დაუსრულებლად ცვალებადი ბუნება, ატლანტის ოკეანის სილამაზე და ხმელთაშუა ზღვის ევროპული სურნელი.  გარდა ამისა, წინ კიდევ ბევრი საინტერესო ვოიაჟი ელოდებათ ჩვენს მოგზაურებს.