კალიფორნიის რამდენიმე ოლქში ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კალიფორნიის გუბერნატორმა ხანძრის შედეგად ერთი ადამიანის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა.
Sputnik

თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. კალიფორნიის შტატის სამ ოლქში ტყის ხანძრების გამო, რომლის შედეგადაც უკვე დაიღუპა ერთი ადამიანი, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, იუწყება РИА Новости შტატის გუბერნატორ ჯერი ბრაუნის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაყრდნობით.

ხანძარი კალიფორნიაში - ევაკუირებულია 12 ათასი მცხოვრები

ვებ-გვერდზე გავრცელებული განცხადების თანახმად, საგანგებო მდგომარეობა რივერსაიდის, მარიპოსას და შასტის ოლქებში გამოცხადდა.

„ხანძარი, რომელმაც 43 ათასი აკრი მიწის ფართობი მოიცვა, ჯერ კიდევ საფრთხეს წარმოადგენს სახლებისა და შენობებისთვის, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაციაა საჭირო", — ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე 12 ათასი ადამიანის ევაკუაციის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია. კალიფორნიის პოლიციამ დაკითხვის მიზნით ერთი მძღოლი მას შემდეგ დააკავა, რაც პოლიციაში შევიდა შეტყობინება რივერსაიდის ოლქში, ხანძრის საწყის წერტილთან ახლოს საეჭვო ავტომობილის შესახებ.

კალიფორნიის გუბერნატორმა ასევე დაადასტურა ხანძრის შედეგად ერთი ადამიანის დაღუპვის ფაქტი. საუბარია შტატის სატყეო მეურნეობისა და ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელზე, რომელიც ცეცხლის ლიკვიდაციის დროს დაიღუპა. გარდა ამისა, შტატის სახანძრო სამსახური შვიდი დაშავებულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.