პოლიციამ ლუკა ფალიანის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული გარდაცვლილის თანასოფლელია
Sputnik

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა მესტიაში 25 წლის ლუკა ფალიანის მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, წარსულში მრავალგზის ნასამართლევი, 33 წლის დ.ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში 25 ივლისს დააკავეს.

მკვლელობა მესტიაში: დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი

შემთხვევა მიმდინარე წლის 11 ივლისს, ღამით მესტიაში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ლუკა ფალიანს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილს საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ფალიანი კლინიკაში მიყვანის შემდეგ დაახლოებით ერთ საათში გარდაიცვალა. მას ორი ჭრილობა გულ-მკერდის არეში დანით ჰქონდა მიყენებული.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული გარდაცვლილის თანასოფლელია.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.