მამუკა ბახტაძემ ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

მამუკა ბახტაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში საზოგადოებას ახალ სახელმწიფო რწმუნებულებს წარუდგენს
Sputnik

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობიდან ხუთი გუბერნატორი გაათავისუფლა.

ბახტაძის განცხადებით, თანამდებობები დატოვეს შიდა ქართლის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ.

გურიის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ საქართველოს რეგიონებში რეგიონული მართვის სისტემის ცვლილებებზე და გუბერნატორების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ისაუბრა. როგორც პრემიერმა განაცხადა, რეგიონული მართვის მიმართულებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ რეგიონებში, ასევე იმერეთში, უახლოეს დღეებში საზოგადოებას ახალ სახელმწიფო რწმუნებულებს წარუდგენს. იმერეთს მიმდინარე წლის მარტიდან გუბერნატორი არ ჰყავს. გუბერნატორის მოვალეობას გრიგოლ დალაქიშვილი ასრულებდა. გივი ჭიჭინაძემ აღნიშნული თანამდებობა ვანისა და ხონის მაჟორიტარობის შუალედურ არჩევნებში გამარჯვებისას დატოვა.

ამ დროისთვის თანამდებობებს ინარჩუნებენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე.

ასევე, პრემიერ-მინისტრის ბრიფინგამდე, დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამდებობა დატოვა გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემაც. თუმცა, ტელეკომპანია Imedi-ს ინფორმაციით, პრემიერმა მისი განცხადება გადადგომის შესახებ არ დააკმაყოფილა.