რა შეიცვლება ტაქსების ლიცენზირებით

ტაქსის მძღოლებს წელიწადში ერთხელ სპეციალური ნებართვის აღება მოუწევთ, რომლის ღირებულებაც 100 ლარი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 200 ლარით დაჯარიმდებიან.
Sputnik

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. ტაქსების  ლიცენზირება მათ მომსახურებას უახლოეს პერიოდში არ გააძვირებს, მიაჩნია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის-აფბას“ ვიცე-პრეზიდენტს გიორგი კაპანაძეს. 

„ტაქსის მძღოლებისთვის ლიცენზიის საფასურად  წელიწადში 100 ლარის დაწესება არ არის ისეთი მაღალი გადასახადი, რომელიც მათ მომსახურებაზე ფასების ცვლილებას გამოიწვევს, ყოველ შემთხვევაში პირველ ეტაპზე მაინც“, — აღნიშნა გიორგი კაპანაძემ „Sputnik —საქართველოსთან“ საუბრისას.

ტაქსების რეგისტრაციის ერთწლიანი საფასური 100 ლარი ეღირება

მისი თქმით, უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ თანხის სანაცვლოდ მოსახლეობა  ხარისხიან მომსახურებას მიიღებს.

„ჩვენ მივიღებთ ტაქსებს, რომლებიც იქნებიან უფრო მოწესრიგებულები და უფრო მარტივად მიეჩვევიან იმ პირობებს, რომლებსაც მათ მომავალში თბილისის მერია დაუწესებს“, — მიაჩნია გიორგი კაპანაძეს. 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისში 40 ათასი ტაქსი მოძრაობს. 

ნებისმიერ მსურველს შეუძლია გახდეს ტაქსის მძღოლი. ამისთვის საკმარისია მხოლოდ საკუთარი ავტომობილი და ტაქსის სპეციალური ნიშანი.

„სადგურის მოედანზე“ რემონტი ჩატარდება

დღეისათვის თბილისში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, ტაქსების მუშაობა სახელმწიფოს მხრიდან არ რეგულირდება. არ არსებობს არც სპეციალური ლიცენზია ან გადასახადი. საქმიანობის ეს სფერო წვრილ ბიზნესს მიეკუთვნება, რომელიც გადასახადებით არ იბეგრება. 

საქართველოში არსებობს ტაქსის კერძო კომპანიებიც, თუმცა ბაზარზე მათი წილი იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც მგზავრების გადაყვანით ინდივიდუალურად არიან დაკავებული, შედარებით მცირეა.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქის მერია ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებას გეგმავდა, რომლის ფარგლებშიც ცვლილებები ტაქსების მომსახურებასაც შეეხება. კერძოდ, ტაქსის სერვისის განსახორციელებლად ნებართვის აღება და რეგისტრაციის გავლა სავალდებულო ხდება და განხორციელდება ეტაპობრივად.

სუნთქვა შესაძლებელი იქნება: საქართველოს ხელისუფლება ჰაერის დაბინძურებას ომს უცხადებს

ტაქსებზე ლიცენზიის გაცემის პროცესი 2018 წლის აგვისტოდან დაიწყება, რეგულაცია კი 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

მგზავრთა გადაყვანის ნებართვის საბუთის მიღება თბილისში მოძრავი კერძო, M1 კატეგორიის (მსუბუქი ავტომობილი) ტაქსებისთვის სავალდებულო იქნება.

გიორგი კაპანაძის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ეს ბიზნესი გარკვეულ ჩარჩოებში მოექცეს და ისე იფუნქციონიროს, როგორს სხვა დანარჩენმა სექტორებმა.

რაც შეეხება იმ კერძო ტაქსებს, რომლებიც კომპანიებთან თანამშრომლობენ, გიორგი კაპანაძის თქმით, კომპანიის გადასაწყვეტია, თვითონ გადაიხდის მათი ლიცენზირების საფასურს თუ უკვე ლიცენზირებულ ტაქსის მძღოლებს დაასაქმებს.

გიორგი კაპანაძის თქმით, ვისაც სურს ამ სფეროში საქმიანობის გაგრძელება, ლიცენზირების შემდეგ ჩვეულებრივად გააგრძელებს და არც არსებულ შემოსავალს დაკარგავს.