თაღლითობის ფაქტზე 12 პირი დააკავეს

ბრალდებულებმა მათ მიერ გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით საგურამოში სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთები მიისაკუთრეს
Sputnik

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 12 პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ყვარლის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა  2016-2017 წლებში დაამზადეს უძრავი ქონების ადგილზე დათვალიერების ყალბი ოქმები და მათი გამოყენებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები თაღლითურად მიისაკუთრეს. კერძოდ, ისინი მოტყუებით დაეუფლნენ მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში არსებულ, საერთო ჯამში, 11,6 ათას კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს, რომლის საბაზრო ღირებულება 260 ათას ლარს აღემატება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიწის ფართობის სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით. გარდა ამისა, გამოძიების პროცესში მოხდა თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთების დაყადაღება.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით და 180-ე მუხლის მესამე ნაწილით („წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და მათი გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლება"), რაც ითვალისწინებს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.