დიდი ხნის ნანატრი გზავნილი - რისი თქმა სურდა ივანიშვილს

საქართველოს ექს-პრემიერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ორი წლის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს დეტალური ინტერვიუ მისცა.
Sputnik

 

საქართველოს პრობლემების შესახებ ივანიშვილმა ბოლოს ჟურნალისტებთან 2016 წელს ისაუბრა, როდესაც ქვეყანაში წინასაპარლამენტო არჩევნების კამპანია იყო გაჩაღებული.

ამჯერად ეკრანზე საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანის გამოჩენას საზოგადოებაში ორმაგი ინტერესით ელოდებოდნენ, რამდენადაც აქტიური პოლიტიკიდან წასული ივანიშვილი ამ გაზაფხულზე მის მიერ შექმნილ პარტია „ქართულ ოცნებას" ჩაუდგა სათავეში.

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო პოსტს თმობს?>>>

ინტერვიუში, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა, ივანიშვილმა ისაუბრა ექს-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან ურთიერთობებზე, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე.

რატომ წავიდა კვირიკაშვილი

საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს უკვე არ შეეძლო ქვეყნის მართვა, რის გამოც იგი უნდა წასულიყო დაკავებული თანამდებობიდან, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, მილიარდელმა ბიძინა ივანიშვილმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

კვირიკაშვილი, ჭიჭინაძე... ვინ იქნება შემდეგი

კვირიკაშვილმა პრემიერის პოსტი 13 ივნისს დატოვა. გასულ კვირას საქართველოში კორუფციული სკანდალი გაღვივდა, როცა ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ კვირიკაშვილისდროინდელი ორი მინისტრი — ეკონომიკის ექს-მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ექს-მინისტრი ზურაბ ალავიძე იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამოკითხა, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვას ეხება.

„დიდი საშიშროება იყო გუნდის რღვევის და ეს პროცესი დაწყებული იყო… რამდენიმე დღე გამიჭირდა, როცა დავინახე, რომ „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საზოგადოების რაღაც ნაწილში სიღარიბის დონე გაუარესდა. ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი საქართველო. დაირღვა ბალანსი სახელმწიფო ინტერესებსა და ბიზნესს შორის და არღვევდა ამას კვირიკაშვილი თავისი ქმედებებით", — დასძინა მან.

რად უნდა ხეები ივანიშვილს

ბოლო დროს ივანიშვილი ხეების გადატანასთან დაკავშირებით არაერთხელ გამხდარა ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის საგანი. საქმე იმაშია, რომ მილიარდერი შეკვეთილში საკუთარი ხარჯებით აშენებს დენდროლოგიურ პარკს, რომელსაც შემდეგ მართვაში სახელმწიფოს გადასცემს.

მილიარდერი და ხეები: ივანიშვილი დენდრარიუმს სკანდალის ფონზე აშენებს

ამისთვის ის დასავლეთ საქართველოში იშვიათი ჯიშის ხეებს ეძებს და პარკში გადააქვს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ გზით ივანიშვილი ეკოლოგიას ვნებს და ამასთან, ადგილობრივ მოსახლეობას რიგ დისკომფორტს უქმნის, რადგან ხეების ტრანსპორტირება დიდ ფინანსურ რესურსებთანაა დაკავშირებული.

„ხეების გადატანა საკუთარ თავში პოზიტივის გარდა, არაფერს მოიცავს. ძალზე საინტერესო პარკი იქნება. მე თავის დროზე ვთქვი, რომ ეს პარკი საზოგადოებრივი იქნება, მაგრამ ოპოზიცია ამაზე საერთოდ არ აკეთებს მინიშნებებს. ამბობენ, რომ მე ეს ხეები სახლში, საკუთარ ეზოში მიმაქვს", — განაცხადა ივანიშვილმა.

გარდა ამისა, ექს-პრემიერის განმარტებით, ამ პროექტის განსახორციელებლად ის კოლოსალურ თანხებს ხარჯავს, თუმცა, იგი მზადაა მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ამაზე თვალი დახუჭოს.

„ეს ფული, რომელიც არ ღირს, რა თქმა უნდა, იმ პარკად, რასაც მე ვაკეთებ, ძალიან ძვირი ჯდება და ფული იხარჯება მხოლოდ იმიტომ, რომ მთლიანად საზოგადოებაში და საქართველოში რჩება. მოსახლეობამ 10 თუ 12 მილიონი ლარი მიიღო ხეების კომპენსაციად, და კომპენსაციად იმისთვის, რომ გაგვეტარებინა საკუთარ ნაკვეთზე", — აღნიშნა ივანიშვილმა.

მისი სიტყვებით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ბიუჯეტში უკვე შევიდა 14 მილიონი ლარი, ასევე შეძენილი იქნა სამი ბორანი და სპეციალური ავტომანქანა დიდი ხეების გადასატანად. ყოველივე ეს მომავალში საქართველოს დარჩება.

ივანიშვილის მომავალი

ინტერვიუს ბოლოს ივანიშვილმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. ექს-პრემიერმა განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ ჩქარობს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებაზე გადაწყვეტილების მიღება იყო რთული.

სურს თუ არა პრეზიდენტობა ივანიშვილს – ვის ოცნებებს შეიწირავს ხელისუფალი

„ჩემთვის დაბრუნება იყო რთული გადაწყვეტილება, თუმცა, მაინც სავალდებულო. ამ შემთხვევაში, მე უკვე აღარ ვიჩქარებ პარტიის თავმჯდომარეობიდან წასვლას (თანამდებობიდან — რედ.). 61 წლის ვარ და მე პატარა ბავშვი არ ვარ და რამდენ ხანსაც შევძლებ გავჩერდები — სანამ მექნება ენერგია და რაც ყველაზე მთავარია, სანამ საზოგადოება იგრძნობს, რომ მე აუცილებელი ვარ", — განაცხადა ივანიშვილმა.

ექს-პრემიერის განმარტებით, მას სურვილი არ აქვს მთავრობაში რომელიმე თანამდებობა დაიკავოს და არც აუცილებლობას ხედავს ამაში.

„ახალგაზრდა გუნდი მოდის და ისინი ჩემზე უკეთესად ართმევენ თავს. ჩემზე მეტად ენერგიულები და მცოდნეები მოდიან", — აღნიშნა მან.