ქართველი გამომძიებელი, გულის ფორმის პიცა და ქართულ-იტალიური ქორწილი ახალციხის რაბათზე

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ იტალიაში მცხოვრები ერთი ქართველის რთულ და მოულოდნელობებით სავსე ცხოვრებას გაგაცნობთ.
Sputnik

ჟურნალისტი და იურისტი ელენე ბარძიმაძე ცხოვრების გზამ იტალიაში ჩაიყვანა. მის მაგალითზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით იმაში, რომ გარემოებებს არ უნდა დანებდე და ბედი თავად მიგიყვანს იმ ადგილზე, საიდანაც ახალი და უკეთესი ცხოვრება გადაიშლება…

ქართველი გამომძიებელი, გულის ფორმის პიცა და ქართულ-იტალიური ქორწილი ახალციხის რაბათზე

თბილისში ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. ამის შემდეგ წარჩინებით დაამთავრა პოლიციის აკადემია. მუშაობდა ახალციხის პოლიციის სამმართველოში უბნის ინსპექტორად, ერთი წლის შემდეგ  დააწინაურეს და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე გადაიყვანეს… იმისთვის, რომ ახალი ცხოვრება დაეწყო, უმაღლესი განათლების მქონე დიპლომიან ქართველს უცხო ქვეყანაში ადგილობრივ მოზარდებთან ერთად საშუალო სკოლის დამთავრება მოუწია… დღეს იტალიის სასამართლოსთან თანამშრომლობს. თუმცა, მოდით, მივყვეთ ქრონოლოგიას…
– ელენე, საქართველოში თქვენთვის ყველაზე ბედნიერი წლები რას უკავშირდება?
— განვლილი საუკეთესო წლები ჩემ ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების მერე პრაქტიკებზე საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე (მაშინდელ საზოგადოებრივ მაუწყებელზე) გამიშვეს. იქ გავიცანი არაჩვეულებრივი პიროვნება და ნიჭიერი რეჟისორი ირაკლი ჯაოშვილი, რომელმაც მოგვიანებით შემომთავაზა მემუშავა მის საავტორო გადაცემაზე „არ იდარდო“ ტელეკომპანია „იმედში“. იმ გადაცემის წამყვანი ყველასთვის ცნობილი და უსაყვარლესი მსახიობი გივი ბერიკაშვილი გახლდათ. ეს იყო საუკეთესო წლები ჩემ ცხოვრებაში, როცა მქონდა ბედნიერება, რომ ბატონი გივი ახლოს გამეცნო. ის ჩემ მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება როგორც გულისხმიერი და კეთილი ადამიანი… როდესაც გადაცემა დაიხურა, სხვა სამსახურის ძიება დავიწყე. მორიგი სამუშაო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრი აღმოჩნდა. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში ახალი სტრუქტურები ყალიბდებოდა…

ქართველი გამომძიებელი, გულის ფორმის პიცა და ქართულ-იტალიური ქორწილი ახალციხის რაბათზე

– „მეოთხე ხელისუფლებას“ როდის შეელიეთ?
— რამდენიმე წლის შემდეგ გადავწყვიტე თავი დამენებებინა ჟურნალისტობისთვის და საკუთარი შესაძლებლობა ძალოვან სტრუქტურაში მეცადა, ამიტომ ჩავაბარე პოლიციის აკადემიაში, რომელიც წარჩინებით დავამთავრე. დავინიშნე ახალციხის პოლიციის სამმართველოში უბნის ინსპექტორად, ერთი წლის შემდეგ დამაწინაურეს და გადამიყვანეს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. ეს იყო ჩემი ბოლო სამსახური საქართველოში…

ქართველი გამომძიებელი, გულის ფორმის პიცა და ქართულ-იტალიური ქორწილი ახალციხის რაბათზე

– როდის გადაწყვიტეთ უცხოეთში ემიგრირება?
— ჩემ ოჯახში ვიყავით მე, დედა და ძმა, რომელიც შშმ პირია. ჩემი შემოსავალი მარტო ერთი ადამიანისთვის იყო საკმარისი, სახელმწიფო არ გვეხმარებოდა. მერე დედაც შეუძლოდ გახდა, პრობლემები შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და, რომ იტყვიან, სიკვდილს ძლივს გამოვტაცე ხელიდან. ამიტომ ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე ევროპაში წამოვსულიყავი. მანამდე მსგავსი რამ არასოდეს მიფიქრია. ჩემთვის, როგორც ყოფილი გამომძიებლისთვის, მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომ ევროპაში უსაბუთოდ, ანუ არალეგალურად მეცხოვრა. აქედან გამომდინარე, ჯერ საფრანგეთში წასვლა გადავწყვიტე. როდესაც საფრანგეთში ლეგალიზაციის პირობებს გავეცანი, მივხვდი, რომ საკმაოდ დიდი დრო დამჭირდებოდა საბუთების შესაგროვებლად, ამიტომ თავშესაფრის ძიება იტალიაში გავაგრძელე… საქართველოდან რატომღაც ყველაფერი ადვილად გვეჩვენება, არც მე ვიყავი გამონაკლისი. იტალიაში ერთი ნაცნობი გოგო მეგულებოდა. ის დამხვდა ფლორენციაში და წამიყვანა ქართველების ოჯახში, ქალაქ ემპოლში, რომელიც ფლორენციასთან ახლოსაა.

ქართველი გამომძიებელი, გულის ფორმის პიცა და ქართულ-იტალიური ქორწილი ახალციხის რაბათზე

– თავიდან ალბათ თქვენც გარკვეული სირთულეების გადალახვა მოგიწიათ…
— დიახ, ასე იყო. აღმოვჩნდი ოჯახში, სადაც ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე ათენებდა ღამეს, რისთვისაც რვა ევროს ვიხდიდით. ისეთი ჯოჯოხეთი გამოვიარე, რომ იმ დღეების გახსენება არც მინდა — საშინელი ნესტიანი ოთახი იყო, ცივი და გათბობის გარეშე. იმ სახლში ყველა კატეგორიის ქართველს ნახავდით – კეთილსა თუ ბოროტს, პატიოსანს თუ ქურდს და ყველა მათგანი საქართველოდან გამოქცეული იყო… მეც იმ ოჯახიდან წასვლა და თავშესაფრის სხვაგან მოძებნა გადავწყვიტე. თუმცა სამსახური ვერ ვიშოვე, რადგან ენა არ ვიცოდი და არავინ მიღებდა. ამის შემდეგ ქალაქ ფუშეკიოში გადავედი. სამსახურის ძიებაში იქაც ოთხი თვე უშედეგოდ გავატარე. ძალიან გამიჭირდა საჭმლის ფულის შოვნა, მაგრამ ქართველი გოგონები მეხმარებოდნენ.

ქართველი გამომძიებელი, გულის ფორმის პიცა და ქართულ-იტალიური ქორწილი ახალციხის რაბათზე

– ანუ თქვენ გაგიმართლდათ და უცხოეთში კარგი ადამიანები შეგხვდათ…
— დიახ, მადლობა ღმერთს, რომ სამყაროში ჯერ კიდევ არიან კარგი ადამიანები, რომლებსაც სახლიდან გამოჰქონდათ საჭმელი და იმ სახლში მოჰქონდათ, სადაც უმუშევარი ქართველები ვცხოვრობდით… ფარ-ხმალს მაინც არ ვყრიდი და ვაგრძელებდი სამსახურის ძებნას, ამასობაში გავიცანი საქართველოდან ჩამოსული ირინა მალხაზიანი, რომელთანაც დედამ დამაკავშირა. ის ქალაქ ვერონასთან ახლოს ერთ-ერთ პროვინციაში მუშაობდა. მან დახმარების ხელი ისეთ დროს გამომიწოდა, როცა გამოსავალს ვერსაიდან ვხედავდი და უკან დაბრუნება მქონდა გადაწყვეტილი. ამ ყველაფრის გახსენებაზე ძალიან ვღელავ. მოკლედ, ამ ადამიანის მადლიერი მთელი ცხოვრება ვიქნები… ნელ-ნელა ენაც გავიტეხე, მანამდე მხოლოდ ჟესტებით ვლაპარაკობდი.

ქართველი გამომძიებელი, გულის ფორმის პიცა და ქართულ-იტალიური ქორწილი ახალციხის რაბათზე

– ვიცი, რომ იტალიაში საშუალო სკოლის გამოცდების ჩაბარება მოგიწიათ, როგორ იყო ეს ამბავი?
— სხვა გამოსავალი არ მქონდა და გადავწყვიტე იტალიური ენა კარგად მესწავლა. ჩემდა საბედნიეროდ, იმ დროს მთავრობამ არალეგალებისთვის კანონი გამოუშვა და იმ ოჯახმა, სადაც ვმუშაობდი, ორწლიანი სამუშაო საბუთი გამიკეთა. იმ ოჯახის მერე ჩემზე ხმა გავრცელდა – კარგი ადამიანი დარჩა უმუშევარიო და მეც სხვა ოჯახში გადავედი. სწორედ იქ დაიწყო, შეიძლება ითქვას, ჩემი აღმავლობის გზა… იმ იტალიური ოჯახის შვილი მეუბნებოდა, შენ არ გავხარ მომვლელს, ინტელიგენტი ადამიანი ჩანხარ და ასეთ სამსახურზე არ უნდა მუშაობდეო. მან მართლაც იძულებით მიმიყვანა კერძო მასწავლებელთან და იტალიური ენის სწავლა დამაწყებინა. ამის მერე ამხელა ქალმა თერთმეტი კლასის გამოცდები პატარა ბავშვებთან ერთად ჩავაბარე… ამის მერე იტალიური მართვის მოწმობაც ავიღე, რადგან იტალიაში ქართულს არაფერს ცნობენ. ორწელიწად-ნახევარში საცხოვრებლად ქალაქ ბოლონიაში გადმოვედი.
– დღეს თარჯიმნად მუშაობთ და იტალიის სასამართლოსთან თანამშრომლობთ…
— ჩემი სამსახური გარკვეულად გასაიდუმლოებულია და ამ ისტორიების გასაჯაროების უფლება არ მაქვს. ერთს ვახსენებ — ერთხელ თარჯიმნად მიმიწვიეს თხილის ბიზნესის საკითხზე, საქმე ეხებოდა საქართველოდან დიდი რაოდენობით თხილის ექსპორტს იტალიაში, სადაც ადგილობრივი ნაყინის ქარხანა თხილს ქართველისგან ყიდულობდა.

ქართველი გამომძიებელი, გულის ფორმის პიცა და ქართულ-იტალიური ქორწილი ახალციხის რაბათზე

– ვიცი, რომ თქვენი პირადი ცხოვრებაც შეიცვალა და იტალიაში თქვენი ცხოვრების სიყვარულიც იპოვეთ...
— მოგიყვებით ამ ამბავსაც. ახალ ფუნქციაში შედიოდა ჩემი იტალიელი „სინიორა” სილამაზის სალონში, შოპინგზე და სასეირნოდ მეტარებინა. ამ ოჯახთან ერთად ნახევარი იტალიის მთა-ბარი მოვიარე — ის ადგილები, სადაც შეძლებული იტალიელები ისვენებენ. გავიცანი ახალი მეგობრები, ერთ-ერთი მათგანი, ბებიას პირადი სტილისტი ქრისტინა ტორიზი სულ მალე მეგობრის სტატუსს შეიცვლის და ჩემი მული გახდება. ერთ მშვენიერ დღეს ქრისტინამ მეგობრებთან ერთად დისკოთეკაზე წასვლა შემომთავაზა, რადგან იცოდა, რომ ცეკვა ძალიან მიყვარდა. კარგად მახსოვს, ეს იყო 5 დეკემბერი. იქ გავიცანი ერთი ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა, რომელიც ქრისტინას ძმა აღმოჩნდა… იმ საღამოს ერთმანეთს თვალი ვერ მოვაშორეთ, ალბათ ამას ჰქვია ერთი ნახვით შეყვარება. ოთხი საათი გაუჩერებლად ვიცეკვე და ისე დავიღალე, რომ ბოლოს ხელში აყვანილი მიმიყვანა მანქანამდე. ასე დავიწყეთ ურთიერთობა…

ქართველი გამომძიებელი, გულის ფორმის პიცა და ქართულ-იტალიური ქორწილი ახალციხის რაბათზე

– თქვენი ქართულ-იტალიური ქორწილი სად იქნება?
— ჩემ მომავალ მეუღლეს ჯანფრანკო ტორიზი ჰქვია, ის პერსონალური მწვრთნელია. სიყვარული 15 თებერვალს ვენეციაში ამიხსნა. ერთი წლის თავზე გულის ფორმის პიცა შეუკვეთა, გულის ფორმის ბეჭედი მაჩუქა და ხელი მთხოვა… ქორწილის გადახდა 18 აგვისტოს გადაწყვიტა რაბათის ციხეზე, რომლის შესახებ ჩემგან გაიგო. მაშინ ვნახავ მონატრებულ დედას, ოჯახს და ყველაფერს, რაც მენატრება – თბილისს თავისი ქუჩებით, მთაწმინდას, სადაც ჩემთვის საყვარელი ერთი ადგილი მქონდა…