ათობით უცხოელი სტუდენტი ბათუმში აჭარულ ცეკვას იცეკვებს

ახალგაზრდებმა ევროპიდან ქართული ეროვნული ცეკვა აითვისეს
Sputnik

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. აჭარას 29-31 ივლისს 13 ქვეყნიდან 40-მდე სტუდენტი ესტუმრება, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

ემოციები – ეს საქართველოა: ახალი მარკეტინგული კამპანია ტურისტებისთვის >>

სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ახალგაზრდები აჭარულ ცეკვას ბათუმის ბულვარში იცეკვებს. ზაფხულის ეპიცენტრში ჩამოვლენ სტუდენტები გერმანიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ჰოლანდიიდან, ესტონეთიდან, სლოვაკეთიდან, სლოვენიიდან, სერბეთიდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან და რუსეთიდან.

სტუდენტები საქართველოს ესტუმრებიან პროექტ Drop of Wine from Mountain to Sea-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ევროპული სტუდენტური ფორუმის საზაფხულო სათავგადასავლო უნივერსიტეტი (AEGEE-Tbilisi).

„გამარჯობა, საქართველო!“ - უჩვეულო ტურისტი, ანუ ქართულად ამეტყველებული რობოტი სოფია

ბათუმამდე სტუდენტები ორი კვირის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს გაცნობიან და აჭარული ცეკვის შემსწავლელ მასტერ-კლასებს დაესწრებიან.

აჭარული ცეკვის გარდა, უცხოელი სტუდენტები 29 ივლისს მონაწილეობას მიიღებენ შემეცნებით თამაშში City Game, რომლის ფარგლებში მათ ქალაქში უნდა იპოვონ წინასწარ შერჩეული სიმბოლოები, დაწერონ ლექსები, დადგან წარმოდგენები და ა.შ.

შემდეგ, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უცხოელი და ადგილობრივი სტუდენტების სამუშაო შეხვედრა შედგება.

კულტურულ-შემეცნებითი პროექტის მთავარი მიზანია — ევროპელ სტუდენტებში საქართველოს და ქართული კულტურის პოპულარიზაცია.

AEGEE-Tbilisi 2018 წლიდან ახორციელებს საზაფხულო სათავგადასავლო უნივერსიტეტის პროექტს. პროექტის ფარგლებში ყოველ წელს საქართველოს 40-მდე ევროპელი ახალგაზრდა სტუმრობს.