ალისა სანაკოევა 17 წლისაა. გველებითა და სხვა ეგზოტიკური ცხოველებით წლების წინ დაინტერესდა და მათი შესწავლა დაიწყო. დღეს ალისას სახლში გველი კრეგი, ჩხირულები, გიგანტური აფრიკული ლოკოკინები და ძაღლი რიჩარდი ცხოვრობს. ალისა თავისი გატაცების შესახებ გვესაუბრა.
— ბავშვობიდან მიყვარდა ცხოველები. გველი პირველად რომ დავიჭირე ხელში, მაშინ შემიყვარდა. თან უსამართლობის გრძნობა გამიჩნდა, რატომ ხოცავენ ასე უმოწყალოდ ადამიანები? ისინი ნამდვილად არ იმსახურებენ ასეთ მოპყრობას.
- სად დაიჭირეთ პირველად გველი?
— სოფელში ვისვენებდით. მე და ჩემი მეგობარი სასეირნოდ წავედით. წყალში დავინახე პატარა ანკარა. ხელში დაჭერა მომინდა. რომ ავიყვანე, ძალიან ლამაზი იყო და მომეწონა. ცოტა შიშის შეგრძნება კი მქონდა, მაგრამ როგორც კი ხელში დავიჭირე, ეს შიში გამიქრა. ამის მერე დავიწყე გველების შესწავლა.
- რას ეუბნებით ადამიანებს, რატომ არ უნდა ეშინოდეთ გველის?
— არ არსებობს, გველი უმიზეზოდ ეცეს ადამიანს, მითუმეტეს საქართველოში. რეალურად არის სამი სახეობა, რომელსაც შეუძლია ადამიანის შეჭმა, ისიც ძალიან დიდი უნდა გაიზარდოს, რაც იშვიათობაა. საქართველოში ასეთი გველი არ ბინადრობს. გველს თავად ეშინია ადამიანის და ის არასოდეს ესხმის თავს. მხოლოდ იმ შემთხვევაში კბენს ადამიანს, თუ საფრთხეს იგრძნობს, ფეხს დააბიჯებ, ან ხელში აიყვან. თუ მინდორში შეგხვდებათ, უნდა მისცეთ გასაქცევი გზა.
- თუ გველმა დაკბინა ადამიანი, რა პირველადი დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ?
— პირველ რიგში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიმართოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, ანუ დარეკოთ 112-ში. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივმართოთ თვითმკურნალობას, მაგალითად, დაუშვებელი ნაკბენის გადაჭრა, შხამის ამოწოვა და ა. შ. ამან, შესაძლოა, უარესობისკენ წაიყვანოს საქმე. დასერვის დროს შესაძლოა ინფექცია წავიდეს, ხოლო შხამის ამოწოვის შემთხვევაში შხამი პირიდან ორგანიზმში მოხვდეს და ეს უფრო ცუდი აღმოჩნდეს. ამ დროს ნაკლები უნდა ვიმოძრაოთ, არ უნდა ვინერვიულოთ, რადგან გული ჩქარდება და შხამი სისხლის მეშვეობით უფრო სწრაფად გადადის ორგანიზმში.
- თქვენს ცხოველებს დავუბრუნდეთ, რა ცხოველები ბინადრობენ თქვენს სახლში?
— მყავს გველი, სახელად კრეგი, რომელიც უკვე ხუთი წლისაა. ასევე ორი სხვადასხვა სახეობის ჩხირულები, გიგანტური აფრიკული ლოკოკინები და ძაღლი რიჩარდი.
- დიდი ხანია, რაც კრეგი თქვენთან ცხოვრობს?
— ჩემ გარშემო ყველამ იცოდა, რომ გველები მიყვარს. კრეგი ჩემმა ჰერპეტოლოგმა მეგობარმა მაჩუქა. მკითხა, რა მინდოდა გამოვსულიყავი და რომ ვუთხარი, ცხოველებით ვიყავი გატაცებული და პროფესიასაც ამ მიმართულებით ავირჩევდი, მითხრა, რომ გველს მაჩუქებდა და უკეთ შევისწავლიდი მას. როცა მომიყვანა, თავიდან ცოტა აგრესიული იყო, მაგრამ მერე ხელი შევაჩვიე და მიხვდა, რომ საფრთხე არ ემუქრებოდა. უკვე ოთხი წელია მყავს და შეუძლებელია მიკბინოს.
კრეგი შხამიანი გველი არ არის. სახლში ძირითადად ისეთი გველები ჰყავთ, რომლებიც არ არიან შხამიანი. უნდა იცოდე წინასწარ, რომელ გველს აქვს შხამიანი ჯირკვლები და რომელს — არა.
- თქვენი მეგობრები როგორ უყურებენ თქვენს გატაცებას?
— ბევრი ისეთი მეგობარი მყავს, ვისაც უყვარს გველები და ჰყავს კიდეც. ბევრმა ჩემმა მეგობარმა კრეგის დახმარებით გადალახა ეს შიში, რადგან ხედავდნენ, რომ ძალიან მიყვარს და საფრთხე არ ემუქრებათ მისგან.
- ამ გატაცების გამო საზოგადოების მხრიდან თუ გიგრძნიათ უცნაური დამოკიდებულება თქვენ მიმართ?
— მეგობრებიდან არა, მაგრამ ნაცნობებიდან ხშირად მესმის, რომ არანორმალური ვარ, ხალხია საქართველოში მისახედი და გველებს რა მიხედვა უნდა, გველი რატომ უნდა გიყვარდეს ადამიანს და მსგავსი რეპლიკები. ვცდილობ, ამ ადამიანებს გველებზე მეტი ინფორმაცია მივაწოდო, თუმცა, მათი უმრავლესობა გველზე აზრს მაინც არ იცვლის.