„ქართულ ოცნებას“ ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ევროპულ პარტიას დაემსგავსოს

ექს-პრემიერი და მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აპირებს დიდი გულისყურით მოეკიდოს მმართველი პარტიის დახვეწას და განვითარებას
Sputnik

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik.  მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა იანიშვილი მიიჩნევს, რომ მას, როგორც პარტიის თავმჯდომარეს ბევრი აქვს სამუშაო პარტიის განვითარებისათვის. „ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჭეშმარიტად ევროპულ პოლიტიკურ პარტიას დაემსგავსოს,  განაცხადა ივანივილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

„თუ გვინდა, პროცესი დავიჭიროთ და ჭეშმარიტად დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდეთ, დღევანდელი მთავარი პარტიაც უნდა განვითარდეს. „ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჭეშმარიტად ევროპულ პოლიტიკურ პარტიას დაემსგავსოს. ამ მხრივ, ბევრი საქმე მაქვს და იმედი მაქვს, მოვერევი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილი: საზოგადოებას არ ჰქონდეს განცდა, რომ ყველა გადაწყვეტილებას მე ვიღებ

მისი განმარტებით, მომავალში ყველაფერი შესაბამისად განვითარდება,  მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრი იქნება, თავად კი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.
„პარტიაში უამრავი პრობლემაა, რადგან ის რეალურად, არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა და საზოგადოებამ ძალიან მწირად თუ იცის მისი იდეოლოგია. პარტიაში, განსაკუთრებით, რეგიონებში, უნდა მოხდეს უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართულობა, უფრო მეტი ახალი კადრის მოძიება და ა.შ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, მთავრობასთან და ხელისუფლების სხვა შტოებთან  მკვეთრი ურთიერთობა პარტიის მოედანზე ექნება, სადაც შეიძლება, ეკონომიკური საბჭო შეიქმნას, რომელშიც პროფესიონალები პარლამენტიდანაც იქნებიან და მთავრობიდანაც.

„შესაძლოა, საგარეო საბჭოც შევქმნათ და სოციალურ-კულტურულიც. პარტიის მოედანზე, ამ საბჭოების ფონზე მოვახერხებ, მთავრობასთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან მქონდეს ურთიერთობა. ისე არა, დამახინჯებით, რომ სხვისი საქმე ვაკეთო. ყველა თავის საქმეს გააკეთებს. ჩვენ უნდა მოვახერხოთ, გუნდი გავამთლიანოთ, გავაძლიეროთ და მმართველობა უფრო ეფექტური გავხადოთ“, – აღნიშნა  ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილმა კვირიკაშვილის გადადგომის ნამდვილი მიზეზები დაასახელა

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ არენაზე 2011 წელს გამოჩნდა, როდესაც დააარსა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო". 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარტია, კოალიციაში შემავალ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ხელისუფლებაში მოვიდა. ამ გზით დასრულდა საქართველოში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობა.

2013 წელს, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. ამ წლების განმავლობაში ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ივანიშვილი ქვეყანას დღემდე კულისებიდან მართავს.