ივანიშვილი: საზოგადოებას არ ჰქონდეს განცდა, რომ ყველა გადაწყვეტილებას მე ვიღებ

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, სამშაბათს საღამოს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში, ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოვლენებზე ისაუბრა.
Sputnik

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საზოგადოებას და ჟურნალისტებს არ გქონდეთ განცდა, რომ ყველა საქმეს მე ვაკეთებ და ყველა გადაწყვეტილებას მე ვიღებ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ივანიშვილის თქმით, საზოგადოებაში მას აწერენ იმაზე გაცილებით მეტ ძალაუფლებას, ვიდრე ეს არის სინამდვილეში.

ყოფილმა პრემიერმა ასევე ისაუბრა ახლადარჩეულ მინისტრთა კაბინეტის შესახებ. როგორც მან აღნიშნა, იგი პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებების მიღებაში არ ერევა. ახლადარჩეული მინისტრებიდან კი მხოლოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას იცნობს. რაც შეეხება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილსა და ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს, მათ არ იცნობს, თუმცა, მომავალში მათი გაცნობის იმედი აქვს.

ივანიშვილმა კვირიკაშვილის გადადგომის ნამდვილი მიზეზები დაასახელა

„ეს ნორმალური შემთხვევაა. პრემიერი თავის საქმეს აკეთებს. საზოგადოებას და ჟურნალისტებს არ გქონდეთ განცდა, რომ ყველა საქმეს მე ვაკეთებ და ყველა გადაწყვეტილებას მე ვიღებ.  უახლოეს წარსულში გვყავდა ასეთი კაცი, რომელიც მსახიობებსაც ირჩევდა, არქიტექტურასაც, რეჟისურასაც, მუსიკასაც წერდა და ყველაფერს ახერხებდა. ასეთისგან ღმერთმა დაგვიფაროს. მამუკა ბახტაძეს ჩემთან გარკვეული კონსულტაციები ჰქონდა, რაც ნორმალურია, მაგრამ მას კომპეტენცია ჰყოფნის და მთავრობა მისი შერჩეულია“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ არენაზე 2011 წელს გამოჩნდა, როდესაც დააარსა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო". 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პარტია, კოალიციაში შემავალ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ხელისუფლებაში მოვიდა. ამ გზით დასრულდა საქართველოში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხრა წლიანი მმართველობა.

2013 წელს, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. ამ წლების განმავლობაში ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ივანიშვილი ქვეყანას დღემდე კულისებიდან მართავს.