ალმოდებულ ათენში საქართველოს საკონსულოს თანამშრომლებმა თანამემამულე გადაარჩინეს

ათენთან ახლოს ძლიერი ხანძრის დროს საქართველოს სამმა მოქალაქემ ქვეყნის საელჩოს მიმართა
Sputnik

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. ათენში ხანძრის ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ქვეყნის საკონსულოს თანამშრომლებმა უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს, ნათქვამია ათენში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, ხანძრის შედეგად 50 ადამიანი დაითუპა. ასევე, ცნობილია, რომ დაშავდა 156 ადამიანი, აქედან 16 ბავშვია. 11 კრიტიკულ მდგომარეობაშია. საბერძნეთის ხელისუფლებამ ათენის ჩრდილო-აღმოსავლეთითა და დასავლეთით განლაგებულ რაიონებში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოიღო.

საბერძნეთში ხანძრებს 50 ადამიანი შეეწირა

„ათენის ზოგიერთ გარეუბანში გაჩენილი ძლიერი ხანძრის გამო საქართველოს საელჩო აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. გუშინდელი ღამის განმავლობაში საელჩოს ცხელ ხაზს დაუკავშირდა საქართველოს სამი მოქალაქე, რომელთაც გაეწიათ შესაბამისი დახმარება. მათ შორის, ერთ-ერთი მათგანი გვიან ღამით უშუალოდ საკონსულოს სამსახურის თანამშრომლების მიერ იქნა გამოყვანილი ხანძრის ზონიდან", — აღნიშნულია განცხადებაში.

საელჩომ საქართველოს მოქალაქეებს თხოვნით მიმართა, რომ მათ მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ცხელი ხაზის მეშვეობით +306995779793, მიაწოდონ მათ ინფორმაცია თანამემამულეებთან დაკავშირებით რთული სიტუაციების შესახებ, რაზეც საელჩო დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს.

ცეცხლს ათენში ებრძვის ათეულობით მეხანძრე, სამი სახანძრო თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი, მაგრამ ძლიერი ქარის გამო ხანძარს ვერ აკონტროლებენ.