გერმანიაში ლტოლვილთა ბანაკში ქართველებს თავს აფრიკელები დაესხნენ

ლტოლვილთა ბანაკში გერმანულმა პოლიციამ რეიდი ჩაატარა
Sputnik

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. გერმანიის ქალაქ აიზენჰიუტენშტადტში (ბრანდენბურგის მხარე) ლტოლვილთა სტატუსის მთხოვნელთა ბანაკში რეიდი ჩატარდა, რომლის საფუძველი აფრიკელებსა და ქართველებს შორის კონფლიქტი გახდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi) გერმანული პრესაზე დაყრდნობით. 

სამართალდამცველების ცნობით, რეიდში 120 პოლიციელი მონაწილეობდა, რომლებმაც ჩხრეკის დროს შენობაში 55 ერთეული იარაღი, იარაღთან მიმსგავსებული და ბასრპირიანი ნივთი ამოიღეს. პოლიციის ცნობით, 20 ივლისს რკინის ჯოხებით შეიარაღებული აფრიკელები თავს დაესხნენ ქართველებს, რა დროსაც 4 კავკასიელი დაშავდა, ამ თავდასხმის საბაბი კი 29 წლის ქართველსა და 18 წლის სუდანელს შორის ფიზიკური დაპირისპირება გახდა, რომლის დროსაც აფრიკელი დაშავდა.

დრეზდენში საქართველოს 47 წლის მოქალაქე დაჭრეს

გერმანელი სამართალდამცველების ცნობით, აფრიკელები დაკავებულები არიან, პოლიციამ კი სასამართლოსგან კონფლიქტის გამეორების მაღალი რისკის გამო იგივე დაწესებულების განმეორებითი ჩხრეკის უფლება მიიღო.

ტელეკომპანიის ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ინციდენტს ადასტურებენ, თუმცა უარყოფენ საქართველოში გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, თითქოს ამ ინციდენტის დროს ვინმე დაიღუპა.