თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დაუსაბუთებელი უწოდა ბრალდებას ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოსამსახურის, 31 წლის რიგითი სერგო ჯიმშერაშვილის ცემის საქმის არადროული გამოძიების შესახებ.
ტელეკომპანია Rustavi2-მა გასულ კვირაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ 25 მაისს სოფელ ნორიოსთან ტყეში, სუფრასთან რიგითი ჯიმშერაშვილი მისივე თანამოსამსახურეებმა სასტიკად სცემეს. თუმცა, ტელეარხის ვერსიით, სამხედრო პოლიციამ დანაშაულის გახსნისთვის არაფერი იღონა. საქმე მხოლოდ პროკურატურამ აღძრა მას შემდეგ, რაც მას ნაცემი ჯარისკაცის დედამ მიმართა. ჯიმშერაშვილი დაახლოებით ორი თვეა, რაც საავადმყოფოში კომაში იმყოფება.
„სამწუხარო ფაქტია ის, რომ კვლავ მორიგ, დაუსაბუთებელ ბრალდებებს ვისმენ, რომელიც მიმართულია, ვფიქრობ, მთლიანად შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციისკენ. ელემენტარული პასუხი მაქვს – თუ ჩაიხედებით კანონმდებლობაში, ეს არ არის სამხედრო პოლიციის ქვემდებარე ფაქტი, ანუ სამხედრო პოლიცია იძიებს იმ სამართალდარღვევებს, რომელიც სამხედრო ნაწილის ფარგლებში ხდება", — განუცხადა იზორიამ ჟურნალისტებს.
მინისტრის თქმით, სამხედროებმა თავდაპირველად სამხედრო პოლიციას განუცხადეს, რომ ჯიმშერაშვილი ნასვამი იყო, წაიქცა და ტრავმა მიიღო. ამგვარად, მათ შემთხვევის ნამდვილი მიზეზი გამოძიებას დაუმალეს, ოთხი ადამიანი დაკავებულია დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ხოლო კიდევ ერთი — ჯიმშერაშვილის ცემის გამო.
„შეტყობინება ეფუძნებოდა სამხედრო მოსამსახურეების პირველად ინფორმაციას, რომ სერგო ჯიმშერაშვილი შეუძლოდ გახდა და დაზიანებები დაცემის დროს მიიღო. სწორედ იმის გამო, რომ სამხედრო მოსამსახურეებისგან დანაშაული იმალებოდა, ისინი ახლა პასუხისმგებაში არიან მიცემული. აქედან გამომდინარე, ცალსახად ვამბობ, რომ პირველადი ინფორმაციით, სწორედ ასეთი შეტყობინება შევიდა სამოქალაქო პოლიციაში", — დასძინა მან.
თავდაპირველად სისიხლის სამართლის საქმე აღიძრა მუხლით „ჯანმრთელობისთვის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენება", თუმცა მოგვიანებით მიეცა ჯანმრთელობისთვის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების კვალიფიკაცია. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე პატიმრობით ისჯება.