დატბორილი სახლები, ევაკუირებული მოსახლეობა – წვიმის შედეგები რუსთავი-თბილისის ავტობანთან

ძლიერი წვიმის შედეგად არხი ადიდდა და დასახლება დაიტბორა. სანამ დაზიანებული სახლები არ აღდგება, მოქალაქეებს საცხოვრებელ ფართებს დაუქირავებენ.
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. რუსთავი-თბილისის ავტობანთან მცხოვრები მოქალაქეები, რომელთა სახლები დაიტბორა, სასტუმროებში არიან განთავსებული. იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ძლიერი წვიმის გამო ავტობანთან არხი ადიდდა, რის შედეგადაც დაიტბორა მისი მიმდებარე დასახლება. ეს დასახლება გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. ქვემო ქართლის სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმა ტელეარხს განუცხადა, რომ დასახლებაში 11 ოჯახი ცხოვრობს. ძლიერი ნალექის მოსვლისა და დასახლების დატბორვის გამო 15-მა ადამიანმა სტიქიის ზონიდან გამოსვლა ვერ მოასწრო. ისინი მაშველებმა სამაშველო ნავებით გამოიყვანეს. ადგილზე დაახლოებით 60 მაშველი მუშაობდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის რამაზ ბუდაღაშვილის განცხადებით, მოქალაქეები ამჟამად სასტუმროებში არიან გადაყვანილი და სანამ მათი სახლების აღდგენა არ მოხდება, მათ საცხოვრებელ ფართებს დაუქირავებენ.

სტიქიამ გუშინ კახეთიც დააზარალა. ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა სიღნაღისა და ლაგოდეხის სოფლები დატბორა. დატბორილია ოცამდე საცხოვრებელი სახლი, საკარმიდამო ნაკვეთები, დახოცილია შინაური ფრინველი.

როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, საქართველოს ტერიტორიაზე 20–23 ივლისს დროგამოშვებით მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, ასევე შესაძლებელია სეტყვა და ძლიერი ქარი.

ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ასევე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული.