თავი დაანებე თოჯინებს და ბავშვს მიხედე! - ცოლ-ქმრის ოჯახური გატაცება

„მერინი“ - ასე დაარქვეს საოჯახო საქმიანობას. ეს მერაბ თედორაძისა და რინალია ახვერდაშვილის აბრევეატურაა.
Sputnik

ცოლ-ქმარი თოჯინებს აკეთებს — ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მასალითა და ტექნიკით. ამ საქმის სტიმული ნაბოლარა შვილი გახდა. ჯერ დედამ დაიწყო თოჯინების დამზადება, შემდეგ ამ საქმეში მეუღლეც ჩაითრია. მათ მიერ გაკეთებულ თოჯინებს უცხოეთშიც იცნობენ…

რინალია ახვერდაშვილი

- რინალია, ამ საქმის დაწყების სტიმული ცოცხალი თოჯინა ანუ თქვენი შვილი გახდა?

— აი, ზუსტად მასე გამოვიდა. 38 წლის ასაკში ბავშვი მეყოლა, ეს ჩემი ნაბოლარაა. ბავშვი ერთი წლის არც იყო, სახლში ვიყავი, ჩემი მეუღლე მივლინებაში იყო. სამსახურში არ გავედი, რადგან ძიძა არ მინდოდა ამეყვანა, მაგრამ სახლში უსაქმოდ ყოფნა მომბეზრდა და ვიფიქრე რა ვაკეთო მეთქი. ერთხელ მეგობარი მოვიდა და მითხრა: შენთვის რაღაცეებს ხომ აკეთებ, იქნებ, ისეთი ნივთები დაამზადო, რომელსაც მერე გაყიდიო. თავიდან გამეცინა მის ნათქვამზე, მერე დავფიქრდი. დეკემბრის თვე იყო, ერთ დღეს წავედი ლილოში, რაღაც ქსოვილები და გასაწყობი ვიყიდე. სახლში მოსულმა ნაძვის ხეები გავაკეთე. 15 ცალი პირველივე ჯერზე გზაში გამეყიდა, სანამ მაღაზიაში მივიტანდი. ამის მერე საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული გავხდი, რაღაც მართლა შემიძლია მეთქი. ამის მერე დავიწყე ტექსტილის თოჯინებზე მუშაობა. ჩემი პირველივე თოჯინაც ეგრევე გაიყიდა- ერთმა ჩინელმა იყიდა. ყველას უკვირდა ერთ თვეში როგორ აითვისე ეს საქმეო? მგონი, ეს უფრო მადლია…

მთაწმინდსი პარკის გამოფენაზე

- ვისი თოჯინური ასლები გაქვთ გაკეთებული?

— მხატვარ გიგა არველაძის პროტოტიპი მაქვს დამზადებული. მის იუბილეზე შემიკვეთეს. როცა მისი 80 სანტიმეტრიანი თოჯინური პროტოტიპი მიართვეს — ძალიან გაუკვირდა და გაუხარდა. მერე უკვე სხვადასხვა ქვეყნებიდან მივიღე შეკვეთები. ამერიკაში ჰელოუინისთვის პატარა „ვეძმოჩკები“ დამამზადებინეს. ამის მერე უფრო ფართო მასშტაბით მუშაობა დავიწყე. ბებიაჩემს დღესაც არ სჯერა, რომ თოჯინებს ვაკეთებ. თავიდან ეგონა ვხუმრობდი, სულ მეუბნებოდა: თავი დაანებე თოჯინებს და ბავშვს მიხედეო! არადა, თქვენ წარმოიდგინეთ, ბავშვიც ხელს მიწყობდა, ყველას უკვირდა როგორ „გიწყობს“ ხელსო?… რა ვიცი, მართლა ძალიან შეგნებული და ჭკვიანი ბავშვია…

რინალია ახვერდაშვილის თოჯინები

- ერთ მშვენიერ დღეს მეუღლეც „ჩაითრიეთ“ ამ საქმეში?

— ეგრე გამოვიდა.. მეუღლე დიზაინერია. როცა ერთხელ მივლინებიდან დაბრუნდა და გაიგო რას ვაკეთებდი, ძალიან გაუკვირდა. მერე სურვილი გამოთქვა: მეც მინდა რაღაცის კეთება, იქნებ, გამომივიდესო. ინტერნეტში ნახა პაპიამაშეს ტექნიკა, რა და როგორ კეთდება და თავისი თავი ამაში იპოვა, ეს მოეწონა.

რინალია ახვერდაშვილის თოჯინები

- ანუ კონკურენტები არ ხართ?

— არა, კონკურენტები ნამდვილად არ ვართ. ორივე განსხვავებული ტექნიკით ვაკეთებთ განსხვავებულ ნაკეთობებს. არის შემთხვევა, როცა ერთობლივი ნამუშევარი გვაქვს. მაგალითად ერთხელ ინვალიდის ეტლში ზის თოჯინა — შშმ პირი, რომლის ეტლს თიხისგან ვერ გავაკეთებდი. ამ შემთხვევაში მერაბის ხელობა გამოვიყენეთ, ანუ პაპიამაშეს ეტლი გააკეთა. ჩაცმულობა და აქსესუარები ჩემი იყო. ის თოჯინა შვიდ დღეში გავაკეთეთ.

რინალია ახვერდაშვილი და მისი თოჯინები

- აგიწყვიათ საოჯახო ბიზნესი და ესაა…

— ბიზნესი ხმამაღლა ნათქვამია… მერე ხალხმა გამიცნო ამ სფეროში. ბოლოს პარლამენტში გამართულ მეთოჯინეთა გამოფენაზე მივიღე მონაწილეობა. ბევრ გამოფენაზე მაქვს თოჯინები გატანილი. მომავალში ბევრი რამ მაქვს ჩაფიქრებული. როცა პატარა შვილიშვილი გაგვიჩნდება, მეორე ანგელოზი შთაგონებას მოგვიმატებს და დარწმუნებული ვარ ახალი იდეებიც გაგვიჩნდება.