კვლევის შედეგები: რატომ ვერ ახერხებენ თბილისელები ზაფხულში დასასვენებლად წასვლას

თბილისელების უმეტესობა ზღვის კურორტებს ამჯობინებს
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის 20%-თვის ზაფხულში დასვენება დიდი ფუფუნებაა, ასეთია ACT-ის ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის სოციოლოგიური კვლევის შედეგები.

შვებულებაში გასვლას გამოკითხულთა 63% ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს, 37% კი დროის უქონლობის გამო.

გამოკითხული რესპონდენტები, რომლებიც საკუთარ თავს ზაფხულში დასვენების უფლებას აძლევენ, ზღვის კურორტებს ირჩევენ (55%). მეტნაკლებად პოპულარულია მთის კურორტები, მას გამოკითხულთა 44% ანიჭებს უპირატესობას.

საკუთარი ან მეგობრების, ნათესავებისა და ნაცნობების აგარაკზე ისვენებს რესპონდენტების 36%.

ტურიზმი საქართველოში: საიდან და რამდენი ტურისტი ეწვია ქვეყანას 6 თვეში

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ რესპონდენტების 43% საკუთარ თავს დასვენების უფლებას წელიწადში ერთხელ აძლევს. რესპონდენტების უმეტესობა ზამთარში დასვენებას ზაფხულში დასვენებას ამჯობინებს.

იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებიც დასვენებაზე საშუალოდ 500-დან 1 ათას დოლარამდე ხარჯავენ, 41%. დასვენებისთვის დაახლოებით 500 ლარი რესპონდენტების 28%-ს ჰყოფნის.

დასვენებისთვის თანხას მთელი წლის განმავლობაში გამოკითხულთა 55% აგროვებს. 25% კი ამისთვის თანხას საერთოდ არ აგროვებს, მათგან 33% მამაკაცია, 20% კი ქალი. გამოკითხულთა კიდევ 8%-ს კი ბანკში კრედიტის აღება უხდება, რათა ზაფხულში დასვენება შეძლოს.

კვლევა თბილისის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჩატარდა. სულ 400 თბილისელი გამოიკითხა.

ACT – ანალიზისა და კონსულტაციის გლობალური კომპანიაა, რომელიც მოიცავს დსთ-სა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს. კომპანიას ოფისები აქვს საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.