„სადგურის მოედანზე“ რემონტი ჩატარდება

სარემონტო სამუშაოების ფარგლებში ვესტიბიულის გაძლიერება და ახალი ბარიერების და ტურნიკეტების მოწყობა იგეგმება
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ სარემონტო სამუშაოების ჩატარება იგეგმება, იუწყება ტელეარხი Imedi.

ტელეარხის მონაცემებით, უკვე გამოცხადდა ტენდერი კაპიტალური რემონტის საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე.

მეტროს ვაგონებს შორის ინტერვალი შემცირდება >>

ტენდერის პირობებით, განაცხადების მიღება 24 ივლისს დაიწყება და 27 ივლისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 270 000 ლარს შეადგენს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სადგურის ვესტიბიულის და დახრილი გვირაბის აღდგენა-გაძლიერება, შესასვლელი ცხაურების და ჟალუზებიანი კარების შეცვლა.

მეტროში მატარებლების ახალ, ევროპული ტიპის ვაგონებს დაამატებენ

ასევე იგეგმება ბარიერების და ტურნიკეტების მოწყობა, ვესტიბიულსა და ბაქანზე მარმარილოს ფილების შეცვლა, აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

სულ 2018 წელს მეტროპოლიტენის ათი სადგურის რემონტი იგეგმება.

თბილისის მეტროპოლიტენი კი დღეში საშუალოდ 290 ათას მგზავრს ემსახურება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში მგზავრთა ნაკადის მიხედვით მეტრო მესამე ადგილს იკავებს — მიკროავტობუსებისა და ავტობუსების შემდეგ.

დღეისათვის თბილისის მეტროში 23 სადგურია და ორი ხაზი — ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზი. პირველი ხაზის სიგრძე 40 კილომეტრია, მეორის — 17 კმ.