ბორჯომში ნახანძრალი ტყის აღდგენითი სამუშაოები იწყება

პირველ ეტაპზე აღდგენას ექვემდებარება 250 ჰა ფართობი, სადაც 400 ათასამდე ნერგი დაირგვება
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ბორჯომში, სოფელ დაბაში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დაიწყება, ნათქვამია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბორჯომის ტყეები 2008 და 2017 წლებში ხანძრის შედეგად დაიწვა. ნახანძრალის ფართობი მთლიანობაში 943 ჰექტარს შეადგენს.

ბორჯომის ტყეში კვლავ ხანძარია – ცეცხლი 6 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა მოდებული

ტყის მასივის აღდგენის პროექტის პრეზენტაცია ბორჯომში, სოფელ დაბაში გაიმართა. მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი კახა სამხარაძე ესწრებოდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით,  მაისში გაიწმინდა  ტერიტორია,  პერიმეტრზე აღდგა ღობის მთლიანობა, განხორციელდა ეროზიის საწინააღმდეგო და ნიადაგის აღდგენითი სამუშაოები, ასევე, შეკეთდა და გაიწმინდა ხანძარსაწინააღმდეგო ბილიკები. სექტემბრის შუა რიცხვებიდან კი დაიწყება დარგვის სამუშაოები.

„პირველ ეტაპზე (2018-2019 წლები) აღდგენას ექვემდებარება 250 ჰა ფართობი. აქედან, 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყება ნერგების დარგვისა და თესვის სამუშაოები. ტყის აღდგენა განხორციელდება 144 ჰა ფართობზე, დარგული იქნება 400 ათასამდე ნერგი“, — ნათქვამია განცხადებაში. 

ნახანძრალ ტერიტორიაზე განხორციელდა კომპლექსური შესწავლები, მათ შორის გეოლოგიური, ნიადაგის ლაბორატორიული კვლევა. ტერიტორიაზე სამუშაოები მხოლოდ პროექტის მიხედვით და მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდება. ასევე, წინა წლების მსგავსად დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.

ქართველი და თურქი მაშველები კატასტროფებთან ბრძოლას ერთად ისწავლიან

უწყების ცნობით, ტყის აღდგენის პროექტის ძირითადი მიზანი ხეობაში პირვანდელი ტყის ეკოსისტემის აღდგენაა, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივი, სტანდარტული ნერგი გამოიყენება.

ხანძრების სერია საქართველოს 2017 წლის ზაფხულში მოედო. ტყის ხანძრები განსაკუთრებით აგვისტოში გახშირდა. ყველაზე დიდი ხანძარი ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის ტყეში გაჩნდა. სპეციალისტების მონაცემებით, ხანგრძლივი ხანძრების შედეგად, ასობით ჰექტარი უნიკალური ტყე განადგურდა. ტყის ხანძრების დროს ვითარება მთიანმა რელიეფმა, ქარმა და კლიმატურმა პირობებმა გაართულა. საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში დახმარება აღმოუჩინეს თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და ბელარუსმა.