საგანგებო სიტუაციების სამსახური მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის

კახეთში ამ დროისათვის ყველა ოჯახში დასრულებულია სამაშველო და წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ამინდის მოსალოდნელი გაუარესების გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ასევე ყველა შესაბამისი სამსახური,  მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტიქია კახეთში: ძლიერმა წვიმამ პრობლემები რამდენიმე რაიონს შეუქმნა >>

 დღეს ძლიერმა ნალექმა კახეთის რეგიონში, კონკრეტულად, სიღნაღისა და ლაგოდეხის ოთხ სოფელში პრობლემები შექმნა — დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სარდაფები და ეზოები. ლაგოდეხისა და სიღნაღის რაიონების სოფლებში მობილიზებული იყო  ყველა შესაბამისი სამაშველო სამსახური.
დადგენილია ჭუბერში დამანგრეველი წყალდიდობის გამომწვევი მიზეზი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისათვის, ყველა ოჯახში დასრულებულია სამაშველო და წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები, ხოლო  დამატებითი გართულებები მოსალოდნელი არ არის.

„წყლის მოვარდნის გამო დაფიქსირდა მანქანებში ადამიანების ჩარჩენის შემთხვევებიც. საგანგებო სიტუიციების მართვის სამსახურის მაშველების მიერ ყველა მოქალაქე გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი — ჰერეთისკარი, წითელი გორი და ჭიაური დააზარალა. დატბორილია ოცამდე საცხოვრებელი სახლი, საკარმიდამო ნაკვეთები, დახოცილია შინაური ფრინველი.