თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. „ბუნებრივი ღვინის ასოციაციამ“ „ბუნებრივი ღვინის დღე“ აღნიშნა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასოციაციამ ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და GIZ-ის (საერთაშორისო თანამშრომლობის გერმანული საზოგადოება) „სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარებისა და პროფესიული განათლების პროგრამასთან” (PSDTVET) ერთად გამართა ღონისძიება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დარგის ექსპერტები, ღვინის ეროვნული სააგენტოს, GIZ-ის და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები. მონაწილეებმა განიხილეს ვენახების ეროვნული კადასტრი და ახალი ვენახის დაგეგმვა-განვითარების თემები.
ღონისძიების მიზანი იყო ყურძნის და ღვინის მწარმოებლების გაძლიერება, მათი წარმოებისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, ბიო-ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის მარნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ღვინის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდა.
ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა GIZ PSD TVET-სა და ბუნებრივი ღვინის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.
ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ვენახების და ღვინის წარმოების მართვისა და კონტროლისთვის საჭირო, განახლებადი საინფორმაციო სისტემის შექმნას.
კადასტრის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა საქართველოს ვენახების კადასტრის აგებისა და ფუნქციონირების კონცეფცია.