სალი ჯანელიძის თვალით დანახული მსოფლიო და კამბოჯაში ტანჯვად ქცეული მოგზაურობა

სალი ჯანელიძეს ბავშვობიდანვე უამრავი, ერთმანეთისგან განსხვავებული საგანი აინტერესებდა, ამას მისი პატარ-პატარა, ერთმანეთისგან განსხვავებული ნიჭიც დაემატა და როცა საქმე პროფესიის არჩევაზე მიდგა, ძალიან დაიბნა.
Sputnik

საბოლოოდ მისმა ერთმანეთისგან განსხვავებულმა ინტერესებმა თავისუფალი უნივერსიტეტის მართვის სკოლამდე მიიყვანა. როგორც თვითონ ამბობს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თითქმის ყველაფერი შეიძლება გამოსულიყო, რადგან ცოტ-ცოტას ყველაფერს სწავლობდა. 

საკუთარი თავის ძიების პროცესი არც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დასრულებულა. სხვადასხვა დროს იყო ჟურნალისტიც, მკვლევარიც, პიარ-მენეჯერიც, მარკეტოლოგიც. ამჟამად ლივინგსტონში პროექტების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს და იმედი აქვს, რომ ეს სფერო აღმოჩნდება ის, სადაც ხანგრძლივად მოუნდება დარჩენა. მოგზაურობა ოთხი წლის წინ დაიწყო, მისი ვოიაჟების სია საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა.

სალი ჯანელიძის თვალით დანახული მსოფლიო და კამბოჯაში ტანჯვად ქცეული მოგზაურობა

– პირველად როდის გადაკვეთეთ უცხო ქვეყნის საზღვარი, რომელი ქვეყანა იყო და რა შთაბეჭდილება მოახდინა თქვენზე?

– პირველად ოთხიოდე წლის წინ გადავკვეთე საზღვარი. მახსოვს, როგორი ბედნიერი ვიყავი, პასპორტში ჩარტყმული ვიზა ალბათ ათჯერ მაინც გადავამოწმე. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ რამდენიმე წელში ეს პასპორტი თითქმის სავსე იქნებოდა.

უახლოეს მეგობართან ერთად წავედი ბუდაპეშტი–ვენის მიმართულებით. მხატვრობის დიდი მოტრფიალე ვარ და ვენის მუზეუმებში სრულიად შეშლილი დავქროდი, ემოციებს ვეღარ ვაკონტროლებდი. მახსოვს, მუმოკში იმდენი ხანი შემოვრჩი, კინაღამ ფრენაზე დამაგვიანდა, ოღონდ ეს დიდად არ მაღელვებდა. მგონი, პირველივე დღეს აღმოვაჩინე, რომ მოგზაურობას იმაზე მეტი დატვირთვა ჰქონდა, ვიდრე მანამდე ვფიქრობდი. მოგზაურობა გარკვეული სტერეოტიპებისგან გათავისუფლებაში გვეხმარება, ცხოვრების სხვა კუთხით დანახვას გვასწავლის და მსოფლიოსადმი ჩვენი წარმოდგენის განსხვებულ ვერსიებს გვთავაზობს. აანალიზებ, რომ სამყაროში იმაზე მეტი სახის მშვენიერება არსებობს, ვიდრე წარმოდგენა შეგეძლო. საგნებს, ადამიანებს შორის ურთიერთკავშირის დანახვას სწავლობ და ერთიანობის განცდა გიჩნდება.

ამ მოგზაურობაში გავიაზრე, რომ ბუნებით უფრო სოლო–მოგზაური ვარ და როცა არჩევანის შესაძლებლობა მაქვს – მარტო წავიდე თუ მეგობრებთან ერთად, ყოველთვის პირველს ვირჩევ ხოლმე. ვფიქრობ, მარტო მოგზაურობა ის იშვიათი მომენტია, როდესაც შენი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტი შენი თავი და შენი სურვილებია... ამავდროულად ადამიანები მეტი ენთუზიაზმით შემოდიან კონტაქტში, როდესაც მარტო ვართ და არა ხმაურიან მეგობრებთან ერთად. თან ასეთ დროს არ არსებობს არანაირი წარსული, არანაირი იდენტიფიკაციის შესაძლებლობა და შენ ქმნი შენ თავს ზუსტად ისეთს, როგორიც იმ მომენტში არის. საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გაცნობის და სწორად შეფასების უნარი - ეს არის ის, რასაც მარტო მოგზაურობა იძლევა.

სალი ჯანელიძის თვალით დანახული მსოფლიო და კამბოჯაში ტანჯვად ქცეული მოგზაურობა

– რა პრიორიტეტებით არჩევთ ქვეყანას, ქალაქს სადაც უნდა იმოგზაუროთ? თქვენთვის მნიშვნელოვანია ბუნება, ხედები, კულტურა, მუზეუმები თუ სხვა?

– ჩემი პრიორიტეტები დროთა განმავლობაში იცვლება ხოლმე - თუ ადრე მუზეუმები მხიბლავდა და, ზოგადად, კულტურულ საზრდოს ვეძებდი, შემდეგ უკვე ისეთი ლანდშაფტების ძებნა დავიწყე, რაც ჩემში გაოცებას გამოიწვევდა და ა.შ. თუმცა, ერთადერთი, რაც არ იცვლება, არის იმ ქვეყნის კულტურასთან მაქსიმალურად დაახლოების სურვილი, სადაც ჩავდივარ. კულტურას კი ადგილობრივებთან კონტაქტში შეიგრძნობ ყველაზე კარგად. სწორედ ამიტომ ყველაზე ხშირად ავტოსტოპითა და ქაუჩსერფინგით ვსარგებლობ ხოლმე. მოგზაურობისას ლოკალებთან დამეგობრების ამაზე უკეთესი გზა არ არსებობს. ყოველი ასეთი შეხებისას ვრწმუნდები, რომ ადამიანები იმაზე გაცილებით კეთილები არიან, ვიდრე წარმომედგინა და იმაზე გაცილებით უანგაროები, ვიდრე ვფიქრობდი. რომ ყველა ნაციონალური თუ ვიზუალური იარლიყი მცდარია და რომ ადამიანებს ერთი სურვილი გვაერთიანებს - ვიყოთ საჭირონი სხვებისთვის.

სალი ჯანელიძის თვალით დანახული მსოფლიო და კამბოჯაში ტანჯვად ქცეული მოგზაურობა

– თქვენთვის ყველაზე ეგზოტიკური და დასამახსოვრებელი რომელი ქვეყანა იყო?

– ზოგადად, ბევრ ეგზოტიკურ ქვეყანაში მიმოგზურია - მაროკო, ვიეტნამი, ინდოეთი, ლაოსი, ტაილანდი, მალაიზია და თითოეულზე საათობით შემიძლია ვისაუბრო, თუმცა ყველაზე საოცრად ირანში მოგზაურობა მახსენდება.

ამ ხნის მერეც ვერ ვპოულობ ზუსტ სიტყვებს იქიდან გამოყოლილი ემოციების და იმ სიკეთის გადმოსაცემად, რაც ირანელი ხალხისგან მივიღეთ. ათი დღის განმავლობაში გავიცანით ათობით ადამიანი, რომლებიც უსასყიდლოდ გვთავაზობდნენ შესაბამისი მიმართულებით წაყვანას, გვათვალიერებინებდნენ ქალაქებს, სოფლებს, გვეპატიჟებოდნენ ქორწილებში თუ უბრალოდ სუფრასთან. ყველა ქალაქში მფარველი ანგელოზებივით გვეცხადებოდნენ ადამიანები, რომლებიც თავისთან დარჩენას გვთავაზობდნენ და ამ შემოთავაზებაში არაფერი იყო უხამსი ან საშიში. ხალხი მზად იყო ნებისმიერი საქმე გადაედო და თავისი ფეხით მიეყვანე იქ, სადაც გსურდა, ბოლო თანხა ამოეღო ჯიბიდან და თავად ეყიდა შენთვის ის, რაც გსურდა. ამ ქვეყანაში „სტუმარი ღვთისაა“ უბრალო ფრაზა კი არა, ცხოვრების დევიზია, სიკეთის კეთება კი შინაგანი მოთხოვნილება და არა პოზა.

სალი ჯანელიძის თვალით დანახული მსოფლიო და კამბოჯაში ტანჯვად ქცეული მოგზაურობა

– ადგილი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ...

– ალბათ არასოდეს დამავიწყდება ლადახის სამეფო – ტიბეტის ინდური ნაწილი, სადაც რამდენიმე დღე გავატარე ბუდისტურ ტაძარში და ბავშვობის დიდი სურვილი ავისრულე - დალაი ლამას სწავლებას დავესწარი.

– მოგზაურობის დროს შიში განგიცდიათ?

– კამბოჯაში წასვლამდე უამრავი ფორუმი გადავიკითხე, სადაც წერდნენ, რომ მოტოციკლიან ხალხთან ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი, რადგან ამ ქვეყანაში ხშირია, როცა ჩანთებს გლეჯენ ტურისტებს. თუმცა მე რისი მე ვიქნებოდი, ამ რჩევის შესახებ მალევე რომ არ დამვიწყებოდა. პაბ სთრითზე 1$-იანი ხილის სმუზებითა და ჰეფი პიცით გატიკნილს ცხოვრება ისე მშვენიერი მეჩვენებოდა და კამბოჯის ქალაქები ისეთი მოვლილი და მშვიდი, ერთ დღესაც ხმამაღლა გამოვაცხადე – რა სისულელებს აღარ წერენ, ასეთი უსაფრთხო ქვეყანა მეორე არ ვიცი-მეთქი. ბედის ირონიით, სიტყვა დამთავრებული არ მქონდა, გზაზე მომავალმა მოტოციკლმა სვლა შეაჩერა და საჭის მაგივრად ჩემ მობილურს ჩააფრინდა.

სალი ჯანელიძის თვალით დანახული მსოფლიო და კამბოჯაში ტანჯვად ქცეული მოგზაურობა

პირველი რამდენიმე წამის განმავლობაში რა ხდებოდა არ მახსოვს, სამაგიეროდ ზუსტად შემიძლია აღვიდგინო ბოლოს როგორ მივდევდი ამ მოტოციკლს 20-კილოიანი ჩანთითა და ქართული გინებით. ამას ისიც დაერთო, რომ მალევე წითელი კჰმერების ამბავი გავიგე - შეიარაღებული კომუნისტური მოძრაობის შესახებ კამბოჯაში, რომლებსაც სულ რაღაც 42 წლის წინ ხელში ჩაუგდიათ ქვეყნის დედაქალაქი (თითქმის 2000-იან წლებამდე), პროამერიკელი თანამემამულეების სიძულვილით გაჟღენთილებს დიქტატორული რეჟიმი დაუმყარებიათ, მთელი ქვეყანა სასოფლო-სამეურნეო კომუნებად გადაუქცევიათ და თითქმის ყველა წერა-კითხვისა და უცხო ენების მცოდნე მოქალაქე (დაახლოებით სამი მილიონი) ამოუხოცავთ. ამის შემდეგ ყველაფერი იყო ძალიან ცუდი. სელფის ჯოხ-ბიტად მომარჯვებულს და წელის ჩანთაზე ხელჩაბღაუჭებულს, ყველა კუნთ და ყველა ნერვდაჭიმულს, მუდმივად იმის შიშში მყოფს, რომ ვინმე თავს დამესხმებოდა და რამეს წამართმევდა, აღარც ბუდისტური ტაძრები მელამაზებოდა, აღარც ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი მოცეკვავეები და აღარც უიაფესი ეგზოტიკური საჭმელი მიხარებდა გულს. სანამ არ გავაანალიზე, რომ მსგავსი უნდობი დამოკიდებულებით მოგზაურობა ტანჯვად მექცა.

სალი ჯანელიძის თვალით დანახული მსოფლიო და კამბოჯაში ტანჯვად ქცეული მოგზაურობა

– ევროპა თუ აზია?

– ამ კითხვაზე სულ კიპლინგის ბალადის მურმან ლებანიძისეული თარგმანი მახსენდება:

„ო, დასავლეთი დასავლეთია,

აღმოსავლეთი – სხვაა ხნიერი!

დარჩება ასე, მიწას და ზეცას

არ განიკითხავს ვიდრე ციერი“.

ასე ხელაღებით ცოტა რთულია იმის თქმა, ზოგადად რომელი რომელს მირჩევნია – სულ სხვა კულტურასა და ფასეულობებზეა საუბარი, მაგრამ ამ ეტაპისთვის ჩემთვის აზია ბევრად უფრო საინტერესო და ღრმაა. სწორედ ამიტომ ავიკარი ერთი წლის წინ გუდა-ნაბადი, ყველაფერი, რაც ცხოვრებისთვის მჭირდებოდა, 20-კილოიან ჩანთაში ჩავტენე და რაღაც დროით აზიაში გადავსახლდი... რომ შემეძლოს, ახლაც სიამოვნებით გავიმეორებდი იმავეს.