მოსახლეობამ ფასადებიდან კონდიციონერების დემონტაჟი განახორციელა

დედაქალაქის მერმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში მოსახლეობა ისტორიულ შენობებს უფრო გაუფრთხილდება.
Sputnik

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. მოსახლეობამ აღმაშენებლის გამზირზე ისტორიული შენობების ფასადებზე თვითნებურად დამონტაჟებული კონდიციონერები და გათბობის სისტემის მილების დემონტაჟი განახორციელა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

ღია კაფეების ბედი აღმაშენებელზე: "ახალი ტფილისი" დაცარიელდა

ივნისის ბოლოს კახა კალაძემ მოსახლეობას ფასადებზე თვითნებურად დამონტაჟებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის დემონტაჟის თხოვნით მიმართა, რაც ძველი თბილისის იერსახეს ამახინჯებს. როგორც მერმა აღნიშნა, აღმაშენებლის გამზირის რესტავრაციაზე 30 მილიონი ლარი დაიხარჯა.

"პირველ რიგში ეს ადამიანები უნდა იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ ეს ობიექტები მაქსიმალურად შენარჩუნდეს და არავის მისცენ მათი დაზიანების შესაძლებლობა. ეს არის ძეგლები, რომლებითაც ვამაყობთ თითოეული ჩვენგანი. რა თქმა უნდა, იმ ხარჯებს, რაც აღდგენით სამუშაოებს ეხება, როგორც მაშინ ვთქვი, მერია აიღებს საკუთარ თავზე", — განაცხადა კახა კალაძემ.

დავით აღმაშენებლის გამზირის ისტორია თბილისში>>>

 

ქალაქის თავკაცმა იმედი გამოთქვა, რომ მსგავს ფაქტებს ადგილი აღარ ექნება და მოსახლეობა ისტორიულ შენობებს უფრო გაუფრთხილდება.

2017 წლის ივნისში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ევროპულმა ორგანიზაციამ ევროპის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და დაცვის სფეროში Europa Nostra-მ აღმაშენებლის გამზირის რესტავრაციის პროექტი საუკეთესოდ აღიარა კატეგორიაში "კონსერვაცია".

თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა მასშტაბური პროექტი "ახალი ტფილისი" 2016 წელს დაიწყეს. პროექტი გულისხმობს დედაქალაქის ცენტრში ახალი საზოგადოებრივ–სარეკრეაციო ზონებისა და ტურისტული მარშრუტების შექმნას. პროექტის ფარგლებში აღმაშენებლის გამზირზე პირვანდელი სახე დაუბრუნდა 47 ისტორიულ შენობას, აქედან 38 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

მთლიანად შეიცვალა და აღდგა შენობების სახურავები, გამაგრდა სახლები, ავთენტური იერსახით აღდგა ფასადები და მათზე არსებული ისტორიული ორნამენტები. აღმაშენებლის გამზირის ნაწილი საფეხმავლო გახდა.