კონსტანტინე გამსახურდიას სახლი თანამედროვე სამუზეუმო კომპლექსად გარდაიქმნება

სამუზეუმო კომპლექსის ეთნოგრაფიულ ზონაში მეგრული სტილის კარ-მიდამოს ინტერიერი შეიქმნება.
Sputnik

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. უახლოეს პერიოდში დიდი ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმში კომპლექსური რეაბილიტაცია დაიწყება, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

გამსახურდიას სახლ-მუზეუმი აბაშის რაიონის სოფელ ძველ აბაშაში მდებარეობს. მისი ექსპოზიცია 168 ექსპონატს ითვლის. მუზეუმი 1987 წელს დაფუძნდა.

ფიზიკური სამუშაოების დაწყებამდე მუნიციპალური თვითმმართველობის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე საპროექტო დოკუმენტაციას კომპანია „ივერთმშენი" მოამზადებს, რასაც, თავის მხრივ, საფუძვლად დაედება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ შედგენილი კონცეფცია.

გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები შეძლებენ ასახონ მნიშვნელოვანი დეტალები მწერლის ცხოვრებიდან, შემოქმედებიდან და აღნიშნონ მისი როლი ქვეყნის ისტორიაში.

შეთავაზებული კონცეფციის თანახმად, მუზეუმის ტერიტორიაზე აღდგება ის ვითარება, რომელშიც მწერლის ოჯახი XIX საუკუნეში ცხოვრობდა.

რეკონსტრუქციის პროექტი მუზეუმის ტერიტორიის რამდენიმე ზონად დაყოფას ითვალისწინებს. პირველი განკუთვნილი იქნება სტუმრების მისაღებად, მათთვის ინფორმაციის მიწოდებისთვის, სამუზეუმო-საექსპოზიციო ზონის მონახულებისთვის.

მთავარი სამუზეუმო სივრცე თანამედროვე სტილის შენობაში განთავსდება. სპეციალურ დარბაზებში შესაძლებელი იქნება გამსახურდიას ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი დოკუმენტური და მხატვრული ფილმების, ასევე მისი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ნახვა.

ამას გარდა, ცალკე სივრცე მიეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის თემას. ვიზიტორებს საშუალება ექნებათ თავიანთი ხელმოწერა დატოვონ დამოუკიდებლობის დეკლარაციის ზუსტ ასლზე და შეიძინონ ის სუვენირის სახით. მუზეუმის ტერიტორიაზე ასევე დაიდგმება სტელა 1918 და 1991 წლების სახელმწიფო დამოუკიდებლობის აქტების ასლებით.

მუზეუმის ეზოში, ღია ცის ქვეშ იგეგმება სცენის დადგმა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება სპექტაკლები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიება. მუზეუმის თემატურ ზონებს გააერთიანებს ეზოს მცენარეული საფარი, რომელიც სპეციალური დიზაინით და ე.წ. ინგლისური პარკის ელემენტებით კეთილმოეწყობა.

ეთნოგრაფიულ ზონაში მოეწყობა მეგრული კარ-მიდამო შესაბამისი ინტერიერებით. რეკონსტრუირებული იქნება ოდა-სახლი ტიპური ჭერით, იატაკით, ბუხრით, აივნითა და კიბით.

ამას გარდა, სამუზეუმო კომპლექსის ტერიტორიაზე დამონტაჟდება წყლის წისქვილი და ჯარგვალი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მარნის მოწყობას საწნახელითა და ნალიით.

მდინარე ზანას ნაპირზე მოეწყობა თევზისა და კიბორჩხალას საჭერი ფაცერები. კომპლექსი 19 ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობს დაიკავებს.