მონური შრომა საქართველოში - რამდენი მონაა ქვეყანაში

საქართველო რეიტინგის შუა პოზიციას იკავებს და მეზობლებს შორის ლიდერია - აქ მონების რაოდენობა ნაკლებია
Sputnik

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველო იკავებს მე-80 ადგილს 2018 წლის „გლობალური მონობის ინდექსში“  (The Global Slavery Index 2018), რომელიც უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Walk Free Foundation-მა შეადგინა.

კვლევის თანახმად, საქართველოში 17 000 ადამიანი წარმოადგენს მონას. Walk Free Foundation-ის ანგარიშში თანამედროვე მონობის ქვეშ იგულისხმება ადამიანის ექსპლუატაციის სხვადასხვა სახეობა, რა დროსაც ის იძულებულია განახორციელოს გარკვეული საქმიანობა მუქარის, ძალადობის, იძულების, სასტიკი მოპყრობის ან მოტყუების გამო.

შრომითი მონობა - როგორია საქართველოს სუპერმარკეტებში მუშაობა

კვლევა 167 ქვეყანაში ჩატარდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყანა რეიტინგში პირველ პოზიციას იკავებს.

რეიტინგში საქართველოს გვერდით არის აზერბაიჯანი, რომელმაც 79-ე ადგილი დაიკავა, ასევე რუმინეთი, რომელიც 81-ე ადგილზეა.

რაც შეეხება საქართველოს უახლოეს მეზობლებს, აზერბაიჯანის გარდა, ყველაზე ცუდი მდგომარეობა თურქეთშია (48-ე ადგილი), შემდეგ მოდის რუსეთი (64-ე ადგილი) და სომხეთი (68-ე ადგილი).

მონობის ინდექსში პირველი ადგილი დაიკავა კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ. „ცუდ“ ათეულში შევიდნენ ასევე ერიტრეა, ბურუნდი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ავღანეთი, მავრიტანია, ჩრდილოეთ სუდანი, პაკისტანი, კამბოჯა და ირანი.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია: მსოფლიოში 40 მლნ თანამედროვე მონაა >>

ყველაზე კარგი სიტუაციაა იაპონიაში (167-ე ადგილი), კანადაში (166), ტაივანში (165), ახალ ზელანდიაში (164), ავსტრალიაში (163), ჩილეში (162), მავრიკიზე (161), ურუგვაიში (160), კოსტა-რიკაში (159) და აშშ-ში (158).

ორგანიზაციის 2016 წლის მონაცემების თანახმად, თანამედროვე მონობის პირობებში 40,3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მონობაში მყოფი ადამიანებიდან უმრავლესობა ქალები და გოგონებია, რაც დაახლოებით 29 მილიონს შეადგენს (საერთო რაოდენობის 71%).

სხვადასხვა ქვეყნებში მონობის დონის კვლევის შედეგები Walk Free Foundation-მა პირველად 2013 წელს წარადგინა. მაშინ საქართველოს მონაცემები უარესი იყო: 162 ქვეყანას შორის თანამედროვე მონების რაოდენობის მიხედვით 50-ე ადგილი.