როგორია ყოველდღიური სამოსი და რატომ უყვართ თბილისში „წიწილებივით ერთნაირად გამოწყობა“

პროფესიონალ დიზაინერს ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის გემოვნების დადგენა ქუჩებში ერთი თვალის გადავლებითაც შეუძლია. როგორ იცვამენ თბილისში და ვისგან სწავლობენ ჩაცმას...
Sputnik

ამ თემაზე ვესაუბრებით დიზაინერ ეკა ბუზალაძეს, რომელიც ყოველდღიურ სამოსზე მუშაობს, რადგან უფრო პრაქტიკულად და მისაღებად მიაჩნია, ვიდრე ავანგარდული მოდა.

როგორია ყოველდღიური სამოსი და რატომ უყვართ თბილისში „წიწილებივით ერთნაირად გამოწყობა“

– ქალბატონო ეკა, როგორ მოხვდით ეკონომისტი მოდის სამყაროში?

- დიახ, ჩემ ძირითად პროფესიად თავის დროზე ეკონომისტობა ავირჩიე. დიზაინერის ნიჭი, ალბათ, მაშინ გამოვავლინე, როცა ბავშვობაში თოჯინებს ვუკერავდი ტანსაცმელს. თუმცა, როცა მეექვსე კლასში გადავედი, ჩემთვის კერვა დავიწყე. ჩემი შეკერილები გვეცვა მე და ჩემ ბიძაშვილს. სიმართლე გითხრათ, ეკონომისტობა რატომ გადავწყვიტე, დღემდე არ ვიცი, ეს ისეთი სპეციალობაა, რომელიც ყველა სფეროში სჭირდებათ და ვიფიქრე, სამსახური ყოველთვის გარანტირებული მექნება–მეთქი.

როგორია ყოველდღიური სამოსი და რატომ უყვართ თბილისში „წიწილებივით ერთნაირად გამოწყობა“

– ეს პროფესია მოდის სფეროშიც წაგადგებოდათ...

– ნამდვილად გამომადგა, ჩემ ბუღალტერიას თვითონ ვაწარმოებ. ამის გარდა თარგების გამოჭრაში მათემატიკის ცოდნა აუცილებელია, რათა სიზუსტე იყო დაცული. ასე რომ, რაღაც კუთხით ჩემი სპეციალობა გამოვიყენე. ჩემი კოლექციის პირველი ჩვენება წლების წინ სასტუმრო „მერიოტში“ იყო. მე ყოველდღიურ სამოსზე ვმუშაობ, იმიტომ რომ ეს უფრო პრაქტიკულად და მისაღებად მიმაჩნია, ვიდრე ავანგარდული მოდა, იმიტომ, რომ მას ვერ ჩაიცვამ, ის მხოლოდ სცენაზე შეგიძლია გამოიყენო.

როგორია ყოველდღიური სამოსი და რატომ უყვართ თბილისში „წიწილებივით ერთნაირად გამოწყობა“

– თქვენი ყოველდღიური სამოსი ნებისმიერი გემოვნების და ასაკის ადამიანებზეა გათვლილი, თუ გარკვეულ კატეგორიაზე მუშაობთ?

– იცით, როგორ სამოსზე ვმუშაობ? რომელიც შეუძლია გემოვნებიანმა თინეიჯერმაც ჩაიცვას და ასაკოვანმა ადამიანმაც, ვისაც ახალგაზრდულად ჩაცმა უყვარს. ძირითადად ნატურალური ქსოვილები მიყვარს, რომლებიც ძალიან პრაქტიკულია და გამოსაყენებლად კარგი. არის ხელოვნური, მაგრამ ბუნებრივი ნედლეულისგან დამზადებული ქსოვილებიც, რომლებიც ძალიან კარგია სატარებლად. რაც შეეხება ფერს, აზერბაიჯანისთვის მთლიანად შავი კოლექცია გავაკეთე. რატომ მოხდა, ვერ გეტყვით, უბრალოდ ასე მომინდა. მოსკოვში მქონდა წაღებული კოლექცია, სადაც ფერები უკვე იყო – შავი, თეთრი, იასამნისფერი, ჭრელიც... მკვეთრი ფერები ყოველდღიურად მიყვარს, მაგრამ კოლექციაში მათ, რატომღაც, არ ვიყენებ.

– რადგან ყოველდღიურ კოლექციაზე მუშაობთ, ალბათ მათში ძირითადად შარვლებია...

– მარტო შარვლები არ არის, კაბებიცაა... ორეულებიცაა, მაგალითად, შარვლებიც და ზედაც, ან ბოლოკაბა და ზედა. ბოლო დროს მამაკაცების ხაზი ძალიან მიტრიალებს თავში. მინდა გავაკეთო კოლექცია - 50/50. მაგალითად, ათი სამოსი ქალის იყოს და ათი მამაკაცის. ამაზე უკვე სერიოზულად ვფიქრობ.

როგორია ყოველდღიური სამოსი და რატომ უყვართ თბილისში „წიწილებივით ერთნაირად გამოწყობა“

– უცხო თვალით რომ შეხედოთ თბილისის ქუჩებს, როგორი ჩაცმულია მასა ჩვენთან?

– შეიძლება კრიტიკული ვარ, მაგრამ ჩვენთან ყველა ერთნაირად იცვამს. ანუ, შეიძლება უმრავლესობას ეცვას მხოლოდ ჯინსი და მაისური. მერე რაღაც შემოვა უცებ მოდაში და ყველა წიწილებივით ერთნაირად გამოეწყობა ხოლმე და ეს არ მომწონს. შესაძლოა ვერ სწავლობენ იმას, თუ როგორ უნდა ჩაიცვან სწორად, ზოგს შინაგანად აქვს იმის მოთხოვნილება, რომ განსხვავებული იყოს. უმეტესად ჩაცმის კულტურა მშობლებისგან მოდის. როცა მშობელი გემოვნებიანია, მაშინ შვილიც მისგან გემოვნებიანად ჩაცმას სწავლობს. გერმანიაში, მაგალითად, მთავარია ხარისხი. იქ არ აქვს მნიშვნელობა სამოსი მოდურია თუ არა. რამდენადაც ვიცი, ლამაზად ჩაცმა ყველაზე მეტად იტალიელებს უყვართ.

როგორია ყოველდღიური სამოსი და რატომ უყვართ თბილისში „წიწილებივით ერთნაირად გამოწყობა“

– იქნებ ეს ერთგვარი დროის უქონლობის ან სიზარმაცის გამო ხდება, უფრო ადვილია მათთვის, რომ ჯინსები ამოიცვან?

– სტუდენტებისთვის ეს ძალიან პრაქტიკულია, მაგრამ მეც ხომ ვიყავი სტუდენტი, როცა ყოველთვის ჩემი შეკერილი განსხვავებული სამოსი მეცვა?

– სამოსში პირველ რიგში ფეხსაცმელი იქცევს ყურადღებას...

– ნებისმიერ კაბას ხასიათი ეცვლება იმის მიხედვით, მას უხეშ ფეხსაცმელზე ჩაიცვამ თუ ქუსლიანზე, ეს უკანასკნელი სამოსს კლასიკურად აქცევს. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული, თუ სამსახურის დრეს-კოდი არ მოითხოვს, პირადად მე მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.

როგორია ყოველდღიური სამოსი და რატომ უყვართ თბილისში „წიწილებივით ერთნაირად გამოწყობა“

– რომელ ქვეყანაში იმუშავებდით თქვენი პროფესიით?

– ალბათ ესპანეთში... ისე მომეწონა ეს ხალხი, ძალიან თბილები არიან და ბუნებით ქართველებს ჰგვანან. ცოტა გიჟები კი არიან, მაგრამ მათი სიგიჟეც მომწონს, რადგან ზოგადად მშვიდი ადამიანები არ მიზიდავს.

– დაასრულეთ ფრაზა: გემოვნებიანია ადამიანი, როცა...

– როცა სურვილი აქვს განსხვავებულად გამოიყურებოდეს და როცა ფერების და ფორმების თანხვედრასთან გვაქვს საქმე. ამავე დროს გემოვნებიანია ადამიანი, როცა ყველასთვის მოსაწონად გამოიყურება...