კორუფციული სკანდალი - პროკურატურა მინისტრების მუშაობას მარტიდან სწავლობდა

კორუფციულ სკანდალზე პროკურატურის გამოძიება ჯერჯერობით ორ სამინისტროს ეხება
Sputnik

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტიდან დაინტერესდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების მუშაობით, რომელსაც დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე ხელმძღვანელობდნენ, განაცხადა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა კოკა კაციტაძემ TV Pirveli-ს ინტერვიუში.

სამშაბათს გახდა ცნობილი, რომ ქუმსიშვილი და ალავიძე გამოიკითხნენ პროკურატურაში იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების მითვისება-გაფლანგვას ეხება.

კვირიკაშვილი, ჭიჭინაძე... ვინ იქნება შემდეგი

„2018 წლის მარტის თვიდან მოყოლებული, საქართველოს პროკურატურაში ინტენსიურად მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მეორე შემთხვევაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება — გაფლანგვის საქმეზე“, — განაცხადა კაციტაძემ.

ქუმსიშვილის შემთხვევაში, გამოძიება ინტერესდება კონკრეტული პროექტებით, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ განახორციელა, რაც შეეხება ალავიძეს, გამომძიებლები სწავლობენ სახელმწიფო შესყიდვებს, რომელიც რეგიონული განვითარების სამინისტრომ განახორციელა.

„გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. გამოძიების ინტერესის საგანს ამ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოადგენს მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებში გამოვლენილი შესაძლო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება — გაფლანგვის და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები. რაც შეეხება ზურაბ ალავიძეს, ისიც იმყოფებოდა პროკურატურაში გამოკითხვის მიზნით. ამ შემთხვევაში გამოძიება სწავლობს იმ სახელმწიფო შესყიდვებს, რომელიც განხორციელდა სამინისტროსთან დაკავშირებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან“, — აღნიშნა მან.

ქუმსიშვილი და ალავიძე კორუფციულ სკანდალში აღმოჩნდნენ — პროკურატურამ საქმე აღძრა >>

ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა გამოიკითხონ სხვა მაღალი რანგის ჩინოსნები და მიმდინარეობს თუ არა გამოძიება სხვა უწყებების მიმართ, კაციტაძემ უპასუხა, რომ ამ ეტაპზე მათი მუშაობა ამ ორი სამინისტროს საქმიანობაზე კონცენტრირებული.

კორუფციული სკანდალი - ყოფილმა მინისტრებმა პირველი განცხადებები გააკეთეს

პროკურორის თქმით, ჯერჯერობით სავარაუდო ბრალდებულის შესახებ საუბარი ნაადრევია.

„ჯერ პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი ზედმეტია. შემიძლია ვთქვა, რომ ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, რომლის ბრალეულობაც გამოიკვეთება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში და არ აქვს მნიშვნელობა, რა თანამდებობრივი სტატუსი ეკავა, რა სტატუსი აქვს დღეს“, — განაცხადა პროკურორმა.

ქუმსიშვილი და ალავიძე მინისტრთა კაბინეტის წევრები იყვნენ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას, რომელიც მიმდინარე წლის 13 ივნისს გადადგა. მამუკა ბახტაძის განახლებულ მთავრობაში ქუმსიშვილი და ალავიძე პორტფელების გარეშე დარჩნენ.