საქართველოს პრეზიდენტმა პუტინის განცხადებას უპასუხა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის თანამშრომლობა ნატოსთან რეგიონის უსაფრთხოებას ემსახურება
Sputnik

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველო რუსეთთან ურთიერთობების მშვიდობიანი მოგვარებისკენ ისწრაფვის, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის განცხადების საპასუხოდ.

პუტინი საქართველოს ნატოში გაწევრიანების შედეგებზე დაფიქრებას ურჩევს

პუტინმა რუსეთის ელჩებთან და მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთი თანაზომიერ რეაგირებას მოახდენს ნატოს აგრესიულ ნაბიჯებზე. ხოლო ისინი, რომლებიც ვითარების გამწვავებაზე მიდიან და ალიანსის სამხედრო ორბიტაზე, ვთქვათ, უკრაინის ან საქართველოს ჩართვას ცდილობენ, უნდა დაფიქრდნენ ასეთი „უპასუხისმგებლო პოლიტიკის შესაძლო შედეგებზე".

„საქართველო კვლავაც მიისწრაფვის დავების მშვიდობიანი მოწესრიგებისაკენ. ჩვენი არაერთი შეთავაზებაც რუსეთის ფედერაციისადმი მიზნად ისახავს არსებული კონფრონტაციული პარადიგმის შეცვლას თანამშრომლობის სივრცით“, – აღნიშნულია მარგველაშვილის განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ–გვერდზეა გამოქვეყნებული.

პრეზიდენტმა ასევე განმარტა, თუ რატომ ისწრაფვის ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ.

„რაც შეეხება ნატოს, საქართველოსა და ალიანსის თანამშრომლობა ემსახურება უსაფრთხოებას რეგიონში და ხელს უწყობს სტაბილურობას თავად რუსეთის ფედერაციის სამხრეთ საზღვრებთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„ნატოს გენერალური მდივანმა საქართველო რეფორმებისთვის შეაქო">>

საქართველო-ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს  „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.