დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში მშობიარეთა შორის 2016 წელს საკეისრო კვეთების საერთო რაოდენობამ 44% შეადგინა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ სტანდარტს თითქმის სამჯერ აღემატება.
რას გულისხმობს საკეისრო კვეთის გადაჭარბებული რაოდენობა, რა შემთხვევაში უნდა გაკეთდეს საკეისრო კვეთა, ამ და სხვა საინტერესო საკითხზე, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის უფროსი მაია მაღლაკელიძე-ხომერიკი გვესაუბრა.
- რამდენ სამშობიაროს და მიზეზით შეუჩერდა სტატუსი?
- გასული წლის პირველი მარტიდან დღემდე 17 სამშობიარო დაწესებულება დაჯარიმდა, ხუთ დაწესებულებას კი შეუჩერდა პროგრამის მიმწოდებლის (პროვაიდერის) სტატუსი.
პროგრამის და ხელშეკრულების პირობებით განსაზღვრული იყო, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ანალიზის საფუძველზე გატარებული მშობიარობისა და საკეისრო კვეთის საერთო რაოდენობა არ უნდა ყოფილიყო 500-ზე მეტი. ამ პირობის შეუსრულებლობის გამო, კლინიკებს აღარ გაუფორმდათ ახალი ვადით ხელშეკრულება. ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირება. ამ პირობის შეუსრულებლობის გამო მიმწოდებლებს განესაზღვრათ საჯარიმო სანქციები.
- რამდენი სამშობიარო დაჯარიმდა და რას ითვალისწინებს ჯარიმა?
- 2017 წლიდან დღემდე, მომსახურების მიმწოდებლების მიერ ხელშეკრულების პირობის (საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირება ხელშეკრულებით განსაზღვრული პროპორციის მიხედვით) დარღევის გამო დაჯარიმდა შპს „BROTHERS“-ი, შპს „ბაიები“, სს „ჩაჩავას ლინიკა“, შპს „უნიმედი კახეთი“ – „მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი“, შპს „აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“, შპს „ახალი სამშობიარო ცენტრი“, შპს „დავით დავარაშვილის კლინიკა“, შპს „იმედის კლინიკა“, შპს „ხონელიძის კლინიკა“, შპს „მედკაპიტალი“ (გლდანის ფილიალი), შპს „ქუთაისის N3 სამშობიარო სახლი“, შპს „ქუთაისის ახალი N2 სამშობიარო სახლი“ და შპს „ჰერა 2011“, შპს „ნათელა პატარკაციშვილის სახელობის მრავალპროფილური კლინიკა დედაშვილობა“, შპს "ოქროს საწმისი - XXI საუკუნე", შპს „პირველი საავადმყოფო“, შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი“.
სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებლის სტატუსი შეუწყდათ შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებს: შპს ნათელა პატარკაციშვილის სახელობის მრავლპროფილური კლინიკა „დედაშვილობა“, შპს „ოქროს საწმისი-XXI“, შპს „პირველი საავადმყოფო“, შპს „საქართველოს საპატრიაქროს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი“ და შპს „ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალური ჰოსპიტალი“.
საჯარიმო სანქცია დამოკიდებულია კლინიკის მიერ საკეისრო კვეთების რაოდენობის შემცირების ტენდენციაზე და განსაზღვრულია პროგრამისა და ხელშეკრულების პირობებით.
- რას გულისხმობს საკეისრო კვეთის გადაჭარბებული რაოდენობა და რამდენი საკეისრო კვეთის გაკეთების უფლება აქვს სამშობიაროს, რომ მსგავსი სანქციები არ დაეკისროს?
- რიგ შემთხვევებში ხელშეკრულებით განსაზღვრულია საკეისრო კვეთების ხვედრითი წილის შემცირება კონკრეტული მაჩვენებელის მიხედვთ. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობა საჯარიმო სანქციის დაკისრების საფუძველია.
- რა შემთხვევაში უნდა გაკეთდეს საკეისრო კვეთა?
- საკეისრო კვეთის ჩატარების ჩვენებები განსაზღვრულია ეროვნული გაიდლაინითა და პროტოკოლით.
- როგორია ტენდენცია - მცირდება თუ იზრდება საკეისრო კვეთების რაოდენობა ?
- საქართველოს მასშტაბით, 2017 წელს საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი არ შემცირებულა და 44.4%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებლის კლების დინამიკა არ შეინიშნება.
WHO რეკომენდაციით საკეისრო კვეთების ხვედრითი წილი არ უნდა არემატებოდეს 15%-ს. ევროპულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 11%-ს არ აღემატება.
- საქართველოს რომელი ქალაქები გამოირჩევა საკეისრო კვეთების რაოდენობით ?
- პერინატალური სამსახურების რეგიონალიზაციის მნიშვნელოვანი შედეგია ის, რომ რეგიონებში საკეისრო კვეთები შემცირებულია, რასაც ვერ ვიტყვით თბილისზე, ქუთაისზე და ბათუმზე.
მომავალი წლის 1 აპრილისთვის ხელშეკრულება არ გაუგრძელდებათ იმ კლინიკებს, ვისაც ერთ წელში 750 მშობიარობა არ ექნება ჩატარებული. საუბარია, თბილისზე, ბათუმზე და ქუთაისზე.