„კავკასიური მოძრავი მუზეუმი“ თუშეთს ეწვევა

საქართველოს მცხოვრებნი და ტურისტები ფოტოგრაფ შალვა ალხანაიძის ნამუშევრეის უნიკალურ გამოფენას იხილავენ
Sputnik

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. „კავკასიის მოძრავი მუზეუმი“ 2018 წლის 28 ივლისს თავის პირველ გამოფენას თუშეთში, სოფელ ომალოში მოაწყობს.

ღია ცის ქვეშ სოფლის ცენტრში მოეწყობა თუში უნიკალური ფოტოგრაფის, შალვა ალხანაიძის ნამუშევრების გამოფენა, ასევე მსოფლიოს თანამედროვე ფოტოგრაფების ქმნილებების სლაიდშოუ.

ღონისძიება 20:30 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

მითების კვალდაკვალ: როგორ დაასახლა ქართველმა მხატვარმა სულები თუშეთში

კავკასიური მოძრავი მუზეუმის“ მოწყობის იდეა პროექტის ავტორებს პირველი ქართველი ფოტოგრაფისა და კოლექციონერის, ალექსანდრე როინაშვილის ნამუშევრებმა შთააგონა, რომელმაც პირველმა შექმნა ფოტოგრაფიის მოძრავი მუზეუმი მე–19 საუკუნეში.

უაღრესად მნიშვნელოვანია ალექსანდრე როინაშვილის სამუზეუმო საქმიანობა ქვეყნის ისტორიისა და კულტურის განვითარებისათვის. 

ალექსანდრე როინაშვილი (1846-1898) დუშეთში, ღარიბი ხელოსნის ოჯახში დაიბადა. 14 წლისა ჩამოვიდა თბილისში და ფერმწერ-ფოტოგრაფ ხლამოვთან დაიწყო სწავლა და მუშაობა. 1865 წლიდან დამოუკიდებლად გახსნა საკუთარი ფოტოატელიე და სიძველეების შეგროვება დაიწყო. ის მოგზაურობდა და იღებდა საქართველოს ყველა კუთხეს და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებს. ამზადებდა რეპროდუქციებს ფრესკებიდან, ქმნიდა ქართულ მატიანეს და ფოტოგრაფიას ეროვნულ იერს სძენდა. 

როინაშვილის მიზანი ქართული ეროვნული მუზეუმის გახსნა იყო. ამიტომაც იძენდა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ნივთებს, იკვლევდა მათ წარმოშობას, აწყობდა კავკასიური სიძველეების გამოფენას და ქმნიდა კავკასიის მოძრავ მუზეუმს, რომლითაც მოგზაურობდა ასტრახანში, სარატოვში, სამარაში, პეტერბურგსა და მოსკოვში.

თბილისში გამოფენა „კავკასიის მოძრავი მუზეუმი“ იხსნება

1875 წელს ალექსანდრე როინაშვილმა დაბეჭდა შოთა რუსთაველისა და თამარ მეფის ფრესკების რეპროდუქციები და უფასოდ გაავრცელა მთელ საქართველოში. 

1880 წელს ის დაღესტანში გაემგზავრა, სადაც რვა წელი ცხოვრობდა. ამ ხნის განმავლობაში როინაშვილი აგროვებდა ისტორიულად ღირებულ და საინტერესო ნივთებს. მალე მას პეტერბურგის საიმპერატორო არქეოლოგური საზოგადოების წევრობა შესთავაზეს. მოგვიანებით სწორედ ამ საზოგადოების დაკვეთით შექმნა ფოტოალბომი „კავკასიური ხედები და ტიპაჟები“, რისთვისაც უმაღლესი საიმპერატორო ჯილდოები გადაეცა. 

სამშობლოში დაბრუნებულმა ალექსანდრე როინაშვილმა თბილისში პირველი ფოტოსკოლა გახსნა, სადაც უფასოდ ასწავლიდა ახალგაზრდობას ფოტოხელოვნებას. იმავდროულად განაგრძობდა ქართული ხელოსნობის ნიმუშების შეგროვებას და იბრძოდა  ეროვნული ხუროთმოძღვრების შენარჩუნებისა და განვითარებისთვის. 

სამხრეთ კავკასიის მოძრავი მუზეუმი ორგანიზებულია თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის მიერ და პროექტის „სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციისთვის “ ერთ-ერთი წამყვანი პროგრამაა. პროექტს სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო აფინანსებს.