ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო რეალიზაცია: 15 აფთიაქში ჩხრეკა ჩატარდა

საგამოძიებო მოქმედებები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა
Sputnik

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თბილისსა და გორში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგამოძიებო მოქმედებები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში 15 სააფთიაქო დაწესებულებაში მიმდინარეობდა.

გამოძიების ფარგლებში უწყების თანამშრომლებმა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული საშუალებები რეცეპტის გარეშე  შეისყიდეს, რითაც დადასტურდა, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია უკონტროლოდ ხორციელდებოდა. 

ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა სავალდებულო გახდა

ჩხრეკა ჩატარდა შემდეგ აფთიაქებში: შპს „ენძელა“, შპს „ნალი“, შპს „ფარმა 2016“, შპს „ფარმაგიდი+“, შპს  „მ.ქ. ფარმა“, შპს „მულტი ვსლ“, შპს „დათუჩა“, შპს „სან ფარმა“, შპს „ნინფარმი“, შპს „იმედი+“, „შპს „ნანფარმა“, შპს „ფარმა-27“, შპს „ნათი+“, შპს „პოლისიფარმა“ და შპს „იმედი“.

ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით გადამალული ფსიქოტროპული პრეპარატები, ე. წ. შავი ბუღალტერია და აფთიაქების  საქმიანობის ამსახველი კომპიუტერული მონაცემები.

2014 წლის 1 სექტემბრიდან ურეცეპტოდ აკრძალულია საძილე და სედატიური პრეპარატების (გარდა მცენარეულისა), ანტიდეპრესანტების, სისტემური გამოყენებისთვის კორტიკოსტეროიდების, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატებისა და იმუნომოდულატორების, ანტიმიკრობული (სისტემური გამოყენებისთვის), პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო, არითმიისა და ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო, დიაბეტისა და სხვა დაავადებების სამკურნალო წამლების გაყიდვა.