თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისში გამართულ „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ის მიღწევები აღნიშნა, რომელიც ქვეყანამ სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობის გამჭვირვალობის კუთხით მიაღწია.
თბილისში რიგით მეხუთე „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) სამიტი სამშაბათს გაიხსნა. სამიტში 75 ქვეყნიდან სამოქალაქო სექტორის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. ღონისძიების პირველ დღეს კონფერენცია სახელწოდებით „ღია პარლამენტის დღე" გაიმართა.
თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტი მიმდინარეობს>>>
„მინდა გითხრათ, რომ საერთაშორისო კვლევების თანახმად, საქართველო კორუფციის რისკით მსოფლიოში ყველაზე დაბალ დონეზეა. ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო სერვისების დროული და ეფექტური მიწოდების მიზნით წარმატებით მოქმედებს სახელმწიფო სერვისების ჰაბი — იუსტიციის სახლი, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით ფუნქციონირებს და ჩვენს თანამოქალაქეებს 400-ზე მეტ სერვისს სთავაზობს. ამავე მიზნით სოფლებში 53 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს, სერვისების უმეტესობა კი ონლაინ-რეჟიმშია ხელმისაწვდომი", — განაცხადა ბახტაძემ.
მან ასევე აღნიშნა ფინანსთა სამინისტროს წარმატებული მუშაობა, რომელსაც ის 20 ივნისამდე, საქართველოს მთავრობის მეთაურის პოსტზე დანიშვნამდე ხელმძღვანელობდა. "საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობამ" (IBP) მიმდინარე წელს საქართველო 2017 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსში" 115-დან მეხუთე ადგილზე განათავსა.
„2012 წლიდან საბიუჯეტო გამჭვირვალობა მუდმივად უმჯობესდება, რომელსაც „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა" (IBP) „ღია ბიუჯეტის ინდექსის" დახმარებით აფასებს. როგორც ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ვამაყობ, რომ 2017 წლის შეფასებით საქართველო ამ კუთხით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა. ამასთან, საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეების ჩართულობით ჩვენ რეგიონში მეორე ადგილზე ვართ", — დასძინა ბახტაძემ.
ამასთან, მთავრობა მუშაობს "ანტიკორუფციული მექანიზმის" შექმნაზე, რომელიც კიდევ უფრო შეამცირებს ქვეყანაში კორუფციის რისკის დონეს.
„ჩვენ ვაპირებთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობას და ამასთან, ვაპირებთ კიდევ უფრო ანტიკორუფციული მექანიზმები დავნერგოთ. ჩემი აზრით, ანტიკორუფციული სისტემა, რა თქმა უნდა, ორიენტირებული უნდა იყოს კორუფციული გარიგებების გამოვლენაზე, მაგრამ, ამასთან უნდა იყოს ორიენტირებული მის პრევენციაზე, ამისთვის კი ამ პროცესებში საზოგადოებრივი ჩართულობა, მათ შორის, სახელმწიფო უწყებებზე ზედამხედველობა, საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია", — აღნიშნა ბახტაძემ.
საქართველოს პრემიერმა სამიტის მონაწილეებს სპეციალური რეზოლუციის მიღება შესთავაზა, რომელშიც გამყარებული იქნება სახელმწიფო გამჭვირვალობისკენ სწრაფვა.
გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ პრეზიდენტად აირჩია>>>
„ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ „ღია მმართველობის პარტნიორობა" პირველ რიგში მოქალაქეებისთვის ხელშესახები ცვლილებების მიღების შესაძლებლობაა. საქართველო, ისევე როგორც "ღია მმართველობის პარტნიორობის" სხვა ქვეყნები, კვლავ დგას გამოწვევების წინაშე, ამიტომ სამიტის ფარგლებში ჩვენ მმართველ კომიტეტს შევთავაზებთ რეზოლუციის მიღებას, სადაც მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ღია მმართველობის პრინციპები და მიდგომები, რომელიც საფუძვლად უდევს დემოკრატიულ და გამჭვირვალე მმართველობას", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
OGP — ეს არის აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მთავრობასა და ხელისუფლების შტოებს შორის დიდ გამჭვირვალობას ითვალისწინებს. OGP-ის წევრი-ქვეყნები საკუთარ თავზე იღებენ ვალდებულებას მოქალაქეებისთვის იყვნენ უფრო ღია, ჩართონ ისინი გადაწყვეტილებების მიღებაში და სახელმწიფო სერვისები ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადონ.
OGP ოფიციალურად 2011 წლის 20 სექტემბერს დაარსდა.