ამსტერდამის ორკესტრი თბილისსა და ბათუმში კონცერტებს გამართავს

ამსტერდამის უნივერსიტეტის ორკესტრი Sweelinck Orchestra თბილისსა და ბათუმში შეასრულებს საოპერო ციკლს „ნიბელუნგების ბეჭედი"
Sputnik

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ამსტერდამის უნივერსიტეტის სველინკის სახელობის ორკესტრი (Sweelinck Orchestra) თბილისსა და ბათუმში ორ უფასო კონცერტს გამართავს, აღნიშნულია ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის Facebook-გვერდზე.

Sweelinck Orchestra ამსტერდამის უმაღლესი სასწავლებლებისა და კოლეჯების ენთუზიასტი 80 სტუდენტისგან შედგება. ამჟამად ამსტერდამის უნივერსიტეტის ოფიციალური ორკესტრია. მისი ისტორია 1878 წლიდან იწყება.

„ღამის სერენადები" საქართველოს მოსახლეობისთვის უცხოელი და ქართველი მუსიკოსების შესრულებით

ორკესტრის რეპერტუარშია ჩაიკოვსკის, ბრამსის, ბეთჰოვენის, შტრაუსის, შოსტაკოვიჩის, პროკოფიევისა და სხვა კომპოზიტორების ნაწარმოებები.

კონცერტების ანონსში აღნიშნულია, რომ ორკესტრი წელს 140 წლის იუბილეს აღნიშნავს, ამიტომ ის სპეციალურ პროგრამას შეასრულებს.

ორკესტრი კონრადინ ჰერცოგის დირიჟორობით თბილისში 22 ივლისს, 21:00 საათზე ვაკის პარკში გამოვა, ხოლო ბათუმში კონცერტი სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში 28 ივლისს 19:00 საათზე დაიწყება.

ქართველი მსმენელისთვის აჟღერდება რიხარდ ვაგნერის ტეტრალოგია „ნიბელუნგების ბეჭედი" - ოთხი ოპერისგან შემდგარი ციკლი, რომელზეც გერმანელი კომპოზიტორი 26 წელი მუშაობდა.