თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. 19 ივლისიდან, ირანული ავიაკომპანია Iran Air ისპაჰანი-თბილისი-ისპაჰანის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ავიამიმოსვლას იწყებს, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
საქართველოში შიდა ავიარეისების შესრულებაზე ტენდერი გამოცხადდა >>
შესაბამისი ნებართვა ავიაკომპანია Iran Air-მა მიმდინარე წლის 16 ივლისს მიიღო. სააგენტოს მონაცემებით, ავიარეისებს Airbus A320 ტიპის თვითმფრინავი 20 სექტემბრამდე კვირაში ორჯერ — ორშაბათობით და ხუთშაბათობით შეასრულებს.
ირანული ავიაკომპანია Iran Air ქართულ ავიაბაზარზე 2018 წელს გამოჩნდა, ავიაგადამზიდავი აგრეთვე თბილისი-თეირანი-თბილისის რეგულარულ რეისებს ასრულებს.
საქართველოს აეროპორტებმა 2018 წლის ექვსი თვის განმავლობაში 2,1 მილიონ მგზავრს გაუწია მომსახურება, აქედან მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ექვს თვეში 1,7 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა.