თბილისელი ფიზიკოსი გაერთიანებული სამეფოს ბირთვულ სააგენტოში და მისი ბავშვობის მოგონება

საქართველოში და კონკრეტულად, თბილისში ყოველთვის იყო ფიზიკის ძლიერი სკოლა, საიდანაც გამოსული ბევრი ნიჭიერი სპეციალისტი დღეს წამყვანი ქვეყნების სამეცნიერო-ექსპერიმენტულ თუ კვლევით ინსტიტუტებშია დასაქმებული.
Sputnik

 ჩვენი ქვეყნიდან ინტელექტის გადინების პროცესი მას შემდეგ უფრო გააქტიურდა, რაც სამეცნიერო საქმიანობას სახელმწიფოსგან ზრუნვა და დაფინანსება მოაკლდა.

 დღეს გვსურს გაგაცნოთ თბილისელი ფიზიკოსი, მიშა ბელდიშევსკი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ბირთვულ სააგენტოში წარმატებით საქმიანობს.

თბილისელი ფიზიკოსი გაერთიანებული სამეფოს ბირთვულ სააგენტოში და მისი ბავშვობის მოგონება

- ბატონო მიშა, ფიზიკის სამყაროში რატომ და როდის „დასახლდით“?

- სკოლაში ფიზიკის მასწავლებელი, სანდრო (ალექსანდრე) ჯავახიშვილი გვყავდა. ძალიან კარგი პიროვნება და ბავშვებისთვის ნამდვილი ავტორიტეტი იყო- ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ტექნიკური საგნები ყოველთვის მაინტერესებდა და ეგ იყო იმის მიზეზი, რომ 42-ე სკოლაში ფიზიკა-მათემატიკურ სექტორზე გადავედი. უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დამთავრებისთანავე მუშაობა მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში დავიწყე. მაღალი ენერგიების ფიზიკის ექსპერიმენტი პროტვინოში გახლდათ და მასში საქართველოც მონაწილეობდა. თბილისში ვმუშაობდი და ზედიზედ სამი წელი პროტვინოში მივლინებაში დავდიოდი. იმ ექსპერიმენტში ჩემი მოვალეობა გამა-დეტექტორის სამართავად პროგრამული უზრუნველყოფის დაწერა იყო. წარმოიდგინეთ, 3-4 ტონიანი პლატფორმა ლიანდაგებზე, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის შედეგად უნდა გადაადგილებულიყო- მარჯვნივ-მარცხნივ და ზემოთ-ქვემოთ. აქ კვანტების რაოდენობრივი გაზომვა, ნაწილაკების მასის და ტრაექტორიის დადგენა ხდებოდა. მე, როგორც პროგრამისტმა ჩემი პირველი, ასე  ვთქვათ, საბრძოლო გამოცდილება აქ მივიღე. რაც მთავარია, იქ ძალიან ბევრი პროფესიონალი ქართველი ფიზიკოსი გავიცანი.

თბილისელი ფიზიკოსი გაერთიანებული სამეფოს ბირთვულ სააგენტოში და მისი ბავშვობის მოგონება

- იტალიის ბირთვული ფიზიკის ნაციონალური ცენტრისგან შემოთავაზება როგორ მიიღეთ?

- თბილისში,1994-ის ზაფხულში, სრულიად შემთხვევით შევხვდი ჩემს კურსელს, რომელიც დიდი ხანი არ მენახა. ის და მისი მეუღლე საფრანგეთში მოღვაწეობდნენ. სწორედ მათი დახმარებით შევიტყვე, რომ იტალიაში პროგრამისტის პოზიციაა და თუ მაინტერესებდა ინტერნეტით შემეძლო მათთვის მიმეწერა. გავაგზავნე ჩემი CV და პასუხმაც არ დააყოვნა. გასაუბრებაზე გასვლის მერე კონტრაქტიც გამიფორმეს. იქაც ფიზიკის ექსპერიმენტი EUROBALL - ევროპის სფერული ბროლის ბურთი იყო და ისინიც მაღალი ენერგიების ბირთვულ პროცესებს იკვლევდნენ. ჩემი საქმე პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა იყო, მაგრამ გაცილებით უფრო თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით.

თბილისელი ფიზიკოსი გაერთიანებული სამეფოს ბირთვულ სააგენტოში და მისი ბავშვობის მოგონება

- ერთი წელია, რაც გაერთიანებული სამეფოს ბირთვულმა სააგენტომ მუდმივ შტატში აგიყვანათ, დღეს რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი?

-1998 წელს სამუშაოდ JET-ში (Joint Europian Torus) გადმოვედი. პირველი 15 წელი როგორც კონტრაქტორმა ისე ვიმუშავე. შემდეგ მცირე ხნით ლონდონში, “Ganary Wharf” -ში საფინანსო სექტორში, ამერიკულ საბროკერო ფირმაში გადავედი. როცა მივდიოდი ჩემმა ხელმძღვანელმა მითხრა: როცა გინდა დაბრუნდი, ყოველთვის აგიყვანთო. მართლაც, ოთხი თვის შემდეგ დავუკავშირდი და საკმაოდ სწრაფად ისევ ამიყვანეს. სამ თვეში იგივე მაგიდასთან ვიჯექი და იგივე საქმეს ვაგრძელებდი. კიდევ სამ წელიწადში კი უკვე „UKAEA“-ს შტატში ამიყვანეს.  სასიამოვნოა, როცა შენს გაკეთებულ საქმეს აფასებენ. იცით, რა არის მნიშვნელოვანი? რომ უცხოეთში სპეციალისტის დაფასება არა მხოლოდ ვერბალურად, არამედ მატერიალური ანაზღაურებითა და სამუშაო გარანტიებით გამოიხატება. ჩემს დღევანდელ წარმატებებს მოკრძალებულად ვუყურებ. დარწმუნებული ვარ, ბევრი შრომა და დაფასება თუ იქნება, ნებისმიერი ადამიანი მიაღწევს წარმატებას ცხოვრებაში.

თბილისელი ფიზიკოსი გაერთიანებული სამეფოს ბირთვულ სააგენტოში და მისი ბავშვობის მოგონება

-ბატონო მიშა, რა შემორჩა თქვენს მეხსიერებას როგორც დღეს ვეძახით, იმ „კარგი დროის თბილისიდან“?

- თბილისი ქალაქია, სადაც დავიბადე, გავიზარდე და გავატარე ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები: სტუდენტობა და ყველაზე მძიმე 92-94-წლები. გავიზარდე გალაქტიონ ტაბიძის ქუჩაზე, რომელიც სოლოლაკშია. დავამთავრე ვეუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლა. დღევანდელ ინგოროყვას ქუჩას ადრე ძერჟინსკის ერქვა და სანამ მთავრობის სახლს ააშენებდნენ, იქ ჩვეულებრივი სახლების რიგი იყო. იმ ადგილას ერთოთახიანი ბინა ჰქონდა ჩემს დიდ ბებიას, სადაც ძალიან მიყვარდა მისვლა. ძველი ბინა იყო, იქ შესვლისთანავე იგრძნობოდა სიძველის სურნელი, რომელიც ძალიან კარგად მახსოვს. იქ სადაც ახლა მთავრობის სახლია, პარკი და მედიცინის მუშაკთა კინო იყო. მამა ექიმი გახლდათ და როგორც ექიმს კინოს ბილეთები ურიგოდ ეკუთვნოდა. მაშინ მოგეხსენებათ, ყველაფერზე რიგები იყო, იქ წასვლა ძალიან გვიყვარდა...

- თქვენი ბავშვობიდან ვინ გახსენდებათ?

- ჩვენს მეზობლად სანდომიანი წყვილი ცხოვრობდა. მამაკაცს “სამოილ ლუკიჩს“ ვეძახდით. მათი დიდი ბინის ორი თუ სამი ფანჯარა ქუჩაზე გადიოდა და ოთახი ძალიან მზიანი იყო. მუდმივად მასტიკა წასმული მათი ბინის იატაკი არანორმალურად ბზინავდა. როცა კარს შეაღებდი, იქვე ეყარა საკმაო რაოდენობით ქეჩის ნაჭრები, რომელზეც აუცილებლად უნდა შემდგარიყავი. მხოლოდ ასე შეიძლებოდა იქ შესვლა. ამ ოჯახის ახლო ნათესავი ბატონი კოტე მახარაძე იყო. მათთან ხშირად მოდიოდა და საღამოებს ერთად ატარებდნენ. მე კი იმ დროს, პატარა ვიყავი და ვითომც არაფერი, მათ გაპრიალებულ იატაკზე ქეჩებზე შემდგარი დავსრიალებდი...