თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის პოსტზე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის, თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარუდგინა.
აჭარის მთვარობის თანამდებობაზე ოპოზიციამ „ოცნების“ ყოფილი პოლიტსაბჭოს წევრი წარადგინა >>
ამგვარად, პრეზიდენტმა უპირატესობა მიანიჭა კანდიდატს, რომელიც მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ“ დაასახელა. რიჟვაძის კონკურენტი იყო არმაზ ახვლედიანი, რომლიც კანდიდატურა ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ წარადგინა. ახვლედიანი თავის დროზე მმართველი პარტიის წევრი იყო.
„გავიაზრეთ რა ორივე კანდიდატურის პოზიცია და წარმომდგენი ძალების პოზიცია, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც ბატონ თორნიკე რიჟვაძეს წარმოადგენს პარტია, რომელიც უმრავლესობას ფლობს აჭარის უმაღლეს საბჭოში, მის წარდგენას გააჩნია თავისი ლოგიკა და მე ავარჩიე ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა“, — განაცხადა ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა.
კანონის თანახმად, უმაღლეს საბჭოს ორი კვირა აქვს იმისათვის, რომ კენჭისყრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის საკითხი გაიტანოს. ამისათვის დეპუტატების ხმების უმრავლესობაა საჭირო. აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატია, აქედან 14 მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.
თორნიკე რიჟვაძე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის პოსტს 2017 წლიდან იკავებს. მანამდე ის შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“ იურიდიული დირექტორი იყო. რიჟვაძე აჭარის მთავრობაშიც მუშაობდა — 2014-2016 წლებში ის იყო ავტონომიის მთავრობის ეკონომიკური საბჭოს მრჩეველი საინვესტიციო და ეკონომიკურ საკითხებში.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზურაბ პატარაძემ 4 ივლისს დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.
რუსეთის მოქალაქე აჭარის მთავრობის მეთაური გახდება?! >>
ზურაბ პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წლის 15 ივლისს, არჩილ ხაბაძის გადადგომის შემდეგ დაინიშნა. მანამდე პატარაძეს ყაზახეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა ეკავა. პატარაძემ პოსტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ექს-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობის დატოვებიდან ერთი თვის შემდეგ მიიღო. ამასთან მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წევრად რჩება და უახლოეს დროს თავის მომდევნო გეგმებს გაახმოვანებს.