ქუმსიშვილი და ალავიძე კორუფციულ სკანდალში აღმოჩნდნენ - პროკურატურამ საქმე აღძრა

საგამოძიებო ორგანოებში არ დაუზუსტებიათ, კონკრეტულად რომელ საქმეზე გამოიკითხნენ ყოფილი მინისტრები
Sputnik

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას ეხება, პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება Новости-Грузия

რატომ გავიდა საქართველოდან შვედურ-ფინური „თელიასონერა“ >>

ქუმსიშვილი და ალავიძე მინისტრთა კაბინეტის წევრები იყვნენ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობისას, რომელიც მიმდინარე წლის 13 ივნისს გადადგა. მამუკა ბახტაძის განახლებულ მთავრობაში ქუმსიშვილი და ალავიძე პორტფელების გარეშე დარჩნენ.

„გიდასტურებთ, რომ ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას", — აცხადებენ საქართველოს მთავარ პროკურატურაში. 

პროკურატურაში ქუმსიშვილის და ალავიძის გამოკითხვის შესახებ ინფორმაცია მმართველი პარტიის დეპუტატებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

საქართველოს პრემიერსა და ორ მინისტრს კორუფციაში ადანაშაულებენ

„ამის შესახებ ახლა თქვენგან გავიგე, ამიტომ არ ვიცი, ეს რას უკავშირდება. ერთთანაც და მეორესთანაც ძალიან დიდი ხანი ვმუშაობდი. პატივს ვცემ ერთსა და მეორეს, და არ შემიძლია რაღაც გაგონილის დონეზე რაღაც ეჭვი გამოვთქვა. კითხვები დაისმება, თუ აქვთ პასუხები, აუცილებლად გასცემენ. ვფიქრობ, რომ ისინი შესაბამისად გასცემენ პასუხს ყველა კითხვაზე“, — განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა. 

ვერაფერს საგანგაშოს ვერ ხედავს ქუმსიშვილისა და ალავიძის გამოკითხვაში პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

„ჩვენ წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებთან არ გვაქვს. ალბათ არის რაღაც კითხვები, რომლის გადამოწმება გამოძიებას უნდა და მოწმის სახით გამოკითხვა ამის შესაძლებლობას იძლევა“, — განუცხადა ჟურნალისტებს ბესელიამ.

ივლისის დასაწყისში ახალი ამბების სააგენტო 2020news-მა გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომლის თანახმად ქუმსიშვილმა და ალავიძემ ქვეყნის არდატოვების ხელწერილს მოაწერეს ხელი. გასულ კვირაში შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ამ ინფორმაციას ჭორები უწოდა.