შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

ბრალდებულმა მოქალაქეს დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით 500 ლარი გამოართვა.
Sputnik

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციელისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

დაკავებულია ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთ განყოფილების უფროსი ოფიცერი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომლის ფუნქციებში შედიოდა სატრანსპორტო საშუალებების შეჩერების, მათი ვიზუალური დათვალიერების და საქონლის თანმხლები საბუთების გადამოწმების გზით საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ერთ-ერთ მოქალაქეს მფარველობას დაჰპირდა. კერძოდ, დაკავებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს მიაწოდა ინფორმაცია თბილისის გარკვეულ უბნებში დღე-ღამის რა მონაკვეთში არ ხორციელდებოდა კონტროლი, რაც საშუალებას მისცემდა მას, უპრობლემოდ მოეხდინა საქონლის ტრანსპორტირება შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე.

დახმარების სანაცვლოდ ბრალდებულმა მოქალაქეს ქრთამის სახით 500 ლარი გამოართვა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქრთამის აღება“) მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.