საქართველოს იტალიის პრეზიდენტი ეწვევა

შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის პირველი პირები რამდენიმე ორმხრივ დოკუმენტს მოაწერენ ხელს.
Sputnik

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. საქართველოს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჯო მატარელა სახელმწიფო ვიზიტით დღეს ეწვევა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც იტალიისა და საქართველოს პრეზიდენტები შეხვედრებს გამართავენ პირისპირ და დელეგაციებთან ერთად — გაფართოებულ ფორმატში.

ქართული ფილმის მორიგი წარმატება საერთაშორისო არენაზე – ამჯერად იტალიაში

შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის სახელმწიფო მეთაურები რამდენიმე ორმხრივ დოკუმენტს მოაწერენ ხელს და ქართული და უცხოური მასმედიის წარმომადგენლებისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ვიზიტის ფარგლებში ასევე იგეგმება სერჯო მატარელას შეხვედრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან.

იტალიის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იტალიელი ბიზნესმენებიც შედიან, ქართულ–იტალიურ ბიზნეს-ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოსა და იტალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დამყარდა. ქვეყნებს შორის დადებულია 18 შეთანხმება, რაც მოიცავს თანამშრომლობას თავდაცვის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, კულტურის, განათლების და სხვა სფეროებში.