თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. მინდელის შახტი მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებაზე დაყრდნობით.
მამუკა ბახტაძე მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
დღეს, გამთენიისას ტყიბულის მინდელის შახტში მორიგი ტრაგედია დატრიალდა — დაიღუპა ოთხი მეშახტე და დაშავდა ექვსი. დაშავებულები სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. მაშველებმა შახტიდან დაღუპულთა ცხედრებიც ამოიყვანეს.
შსს-ს ვერსიით, მინდელის სახელობის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.
ბახტაძის განცხადებით, სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა", – აღნიშნულია განცხადებაში.
პრემიერის თქმით, შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში ხელფასი აუნაზღაურდებათ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე ვადით.
გავრცელებული ინფორმაციით, მინდელის შახტში უბედური შემთხვევა იმავე ადგილზე მოხდა, სადაც მიმდინარე წლის აპრილში ექვსი ადამიანი დაიღუპა.
5 აპრილს, დაახლოებით 03:45 საათზე ტყიბულის შახტში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. სამთო დარტყმა (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება). შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ადგილებზე უბედური შემთხვევების შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი. 2017 წელს დაიღუპა 41, დაზიანებები მიიღო 66–მა ადამიანმა. ამასთან, მარტო ტყიბულის შახტებში ბოლო 15 თვის განმავლობაში დაიღუპა 11 ადამიანი.