თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის ფილმს „გოგიტას ახალი ცხოვრება" ოდესის კინოფესტივალზე უჩვენებენ, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალი 13-21 ივლისის პერიოდში იმართება. ფესტივალზე მთლიანობაში ასზე მეტი ფილმი იქნება ნაჩვენები. ღონისძიების სტუმრებსა და მაყურებლებს ელოდებათ შემოქმედებითი შეხვედრები ცნობილ მსახიობებთან და რეჟისორებთან, ბავშვებისთვის კი სპეციალური პროგრამაა გათვალისწინებული.
„გოგიტას ახალი ცხოვრება" საქართველო-ხორვატია-უკრაინა-რუსეთის ერთობლივი ნამუშევარია. კოღუაშვილმა მთავარი გმირის ტრაგედიის ისტორია 74 წუთში ჩაატია.
ფილმის მთავარი გმირი გოგიტა ციხიდან გამოდის და ცდილობს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. მისი სურვილები საკმაოდ მოკრძალებულია: საკუთარი სახლი და ლამაზ გოგონასთან ოჯახის შექმნა. გოგიტა ინტერნეტის საშუალებით ვინმე მაკას გაიცნობს, რომელიც ახალგაზრდა არაა და თან არც ისე ლამაზია. თუმცა, მაკას ერთი მთავარი პლუსი აქვს: იგი გემრიელ ტორტებს აცხობს. წყვილი გრანდიოზულ გეგმებს აწყობს, თუმცა რეალურად ერთმანეთს არც იცნობენ. თავის მხრივ, გოგიტას დედა შვილის არჩევანით აღფრთოვანებული არ არის. "რატომ არ მოძებნი ლამაზ და ახალგაზრდა გოგოს? მაკა ძალიან მსუქანია", — ამბობს დედა.
ფილმის სპეციალური ჩვენება 18 ივლისს არის დაგეგმილი.
ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის ცერემონია ოდესის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრში 13 ივლისს გაიმართა.