KATRIN HANDMADE - ის, რაც ქალს სრულყოფილებისათვის სჭირდება

ეკატერინე გოგოლაძე პროფესიით ვებ დიზაინერია, თუმცა დღეს სრულიად სხვა სფეროში მოღვაწეობს. ხელნაკეთი ნივთების შექმნა ბავშვობიდან მოსწონდა და სიამოვნებას ანიჭებდა. სულ ახლახან, მეუღლის დახმარებით ოცნება აისრულა და საკუთარი ბრენდი შექმნა.
Sputnik

ეკატერინე ქართველ ქალბატონებს დახვეწილ და ორიგინალურ ხელნაკეთ სამკაულს სთავაზობს.

ეკატერინე გოგოლაძის მიერ შექმნილი სამკაულები

— ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი სხვადასხვა აქსესუარების დამზადებით. ყოველთვის მინდოდა, რომ განსხვავებული სტილის ნივთები მქონოდა. დაახლოებით ერთი წლის წინ გადავწყვიტე შემექმნა ჩემი ბრენდი KATRIN HANDMADE. როცა რაიმე საქმეს იწყებ, სურვილთან ერთად აუცილებელია თანადგომა. ამ საქმეში დაწყებაში ძალიან დამეხმარა ჩემი მეუღლის სარეკლამო კომპანია.

- რას ნიშნავს თქვენთვის ლამაზი სამკაული?

— ჩემთვის ლამაზი სამკაული ნიშნავს იყოს განსხვავებული და ორიგინალური. ამ დროს ადამიანები ყოველთვის დადებით ემოციას და ყურადღებას იმსახურებენ საზოგადოების მხრიდან.

ეკატერინე გოგოლაძის მიერ შექმნილი სამკაულები

- თითოეული სამკაულის და აქსესუარის დიზაინი თქვენ გეკუთვნით?

— ჩემი ყველა ნივთის დიზაინს თავად ვქმნი. ყოველთვის ვცდილობ, ყველა აქსესუარი იყოს დახვეწილი, ორიგინალური, განსხვავებული და კომფორტული.

 — ამ საქმიანობაში ვინმე გეხმარებათ, თუ ყველაფერს თავად ართმევთ თავს?

— ყველა სამკაულს და აქსესუარს და ასევე შეფუთვასაც ვამზადებ თავად, რაც ძალიან შრომატევადია. თუმცა ძალიან დიდი სტიმულია თითოეული მომხმარებლის დადებითი შეფასება. ამ დროს დაღლა აღარ მახსოვს და უფრო მეტად მოტივირებული ვხდები.

ეკატერინე გოგოლაძის მიერ შექმნილი სამკაულები

 — ვინ არის თქვენი ყველაზე დიდი კრიტიკოსი და გულშემატკივარი?

— ჩემი კრიტიკოსები და ასევე გულშემატკივრები არიან ჩემი მეუღლე და ოჯახის წევრები, განსაკუთრებით კი ჩემი პატარა დისშვილი, რომელიც ხშირად მეხმარება ჩემს საქმიანობაში.

- ალბათ არა ერთი პრობლემა და სირთულე შეგხვდათ…

— რაიმე განსაკუთრებული სირთულე არ ყოფილა. საბედნიეროდ საკმაოდ მარტივად დავმკვიდრდი ქართულ ბაზარზე.

- სამკაულის შესაქმნელად რა მასალას იყენებთ და რატომ გამოარჩიეთ ეს მასლა?

— ჩემი სამუშაო მასალა ძირითადად ხე და ტყავია. აღნიშნული მასალები არის ხარისხიანი, გამძლე და ამავე დროს ეფექტური.

ეკატერინე გოგოლაძის მიერ შექმნილი სამკაულები

- სადი იყიდება თქვენი ნამუშევრები?

— ძირითადად საქართველოში იყიდება, თუმცა საკმაოდ ხშირია შეკვეთები უცხო ქვეყნებიდან. ახლო მომავალში (რომლისთვისაც უკვე ვემზადები) ვგეგმავ აქსესუარების საზღვარგარეთ გატანას.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად გემოვნებიანები არიან ქართველი ქალები? რა ფერებს და სტილს ანიჭებენ უპირატესობას?

— საკმაოდ დახვეწილი გემოვნება აქვთ ქართველ ქალბატონებს. რაც მთავარია ფერადი ნივთები საკმაოდ აქტუალურია და აღარ არის მოთხოვნა მხოლოდ შავ-თეთრი ნივთებზე.

ჩემი აზრით, საკმაოდ დიდი როლი უჭირავს სწორად შერჩეულ სამკაულს და აქსესუარს ქალის გარეგნობაში და არა მარტო გარეგნობაში, მის ხასიათშიც. ერთი შეხედვით თითქოს ესეთი პატარა ნივთები არაფერს ნიშნავს, მაგრამ ამ ყველაფრის გარეშე ქალის სილამაზე არ არის სრულყოფილი.

ეკატერინე გოგოლაძის მიერ შექმნილი სამკაულები

- როგორი სტილის სამკაულია დღეს მოდური და აქტუალური?

— ჩემთვის პირადად მოდა არის ის, რაც გიხდება და დადებითად გამოგარჩევს საზოგადოებიდან.

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

— მომავალში ვგეგმავ ჩემი ბრენდის KATRIN-ის მაღაზიის გახსნას, ვინაიდან ნივთებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა საზოგადოების მხრიდან.